„ვისოლის“ თქმით, რეკლამიდან ჭიჭინაძის ამოჭრა კონტრაქტის ამოწურვას უკავშირდება

2 days ago 4

კომპანია „ვისოლის“ განცხადებით, მათი რეკლამიდან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გამოსახულების ამოჭრა პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა და ეს მსახიობთან კონტრაქტის ამოწურვას უკავშირდება.

ანდრო ჭიჭინაძე ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელიც მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების დროს სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და ის ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მათ შორის ანდრო ჭიჭინაძეა ერთ-ერთი, რომლის გათავისუფლებასაც მოითხოვენ პროევროპული აქციის მონაწილეები და დასავლელი პოლიტიკოსები.

რაც შეეხება „ვისოლის“ რეკლამას, კომპანიის Facebook-ზე განთავსებულ ვიდეოში ანდრო ჭიჭინაძის გამოსახულება ისევ არის. თუმცა დღეს Facebook-ზე მოქალაქეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რეკლამის სატელევიზიო ვერსიიდან ჭიჭინაძის გამოსახულება ამოჭრეს, რამაც საზოგადოების ნაწილს გაუჩინა ეჭვი, რომ ეს პოლიტიკური მიზეზით მიღებული გადაწყვეტილება იყო.

თუმა ამას „ვისოლი“ უარყოფს და აცხადებს, რომ კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან.

„მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა “ვისოლის” ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში. რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი. ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით. შესაბამისად, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუა და დეზინფორმაცია.

აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს, სიამოვნებით ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან“, – აცხადებს „ვისოლი“.

სრულად წაკითხვა