სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და ოქტომბერში ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
საპარლამენტო არჩევნები 2027 წლის დეკემბრამდე არ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თითქმის ორწლიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ ვუჩიჩმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
აღნიშნული პროტესტი 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევამ გამოიწვია, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საპროტესტო მოძრაობის მთავარი მოთხოვნა იყო.
პოპულისტი ლიდერი ალექსანდრ ვუჩიჩი უკვე 12 წელია პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში ხელისუფლებაშია და ორივე თანამდებობაზე ძალაუფლების სადავეები მყარად უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობის პერიოდს ეკონომიკური განვითარება უკავშირდება, ის ასევე აღმოჩნდა მზარდი უკმაყოფილების სამიზნე სავარაუდო კორუფციისა და ავტორიტარიზმის გამო. ამის მიუხედავად, ის კვლავ ინარჩუნებს ქვეყნის მმართველი, მემარჯვენე პოპულისტური, „სერბეთის პროგრესული პარტიის“ მხარდაჭერას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მათ საარჩევნო სიას სათავეში ვუჩიჩი ჩაუდგეს და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მათი კანდიდატი იყოს.
შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით ვუჩიჩი შეეცდება პრემიერ-მინისტრის პოსტზე გააგრძელოს ხელისუფლებაში დარჩენას.
„იქნებოდა თუ არა ჩვენთვის არჩევნები აუცილებელი, რომ არ ყოფილიყო ასეთი დაძაბულობა და პოლიტიკური კონფლიქტები? რა თქმა უნდა, არ იქნებოდა“, – განაცხადა ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვაში. მან დასძინა, რომ არჩევნების გადადება „დემოკრატიის არსებობას საფრთხეს შეუქმნიდა“.
თავის მხრივ საპროტესტო მოძრაობა, რომელიც სტუდენტების მიერ უნივერსიტეტების ბლოკირებიდან წარმოიშვა, საკუთარ საარჩევნო სიას ამზადებს. ეს ვუჩიჩს ყველაზე დიდ გამოწვევას უქმნის.
სერბეთში ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან, ვუჩიჩი და მისი მოკავშირეები სტუდენტებს „უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციის“ მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ. მან ეს ბრალდება არჩევნების დანიშვნის დროსაც გაიმეორა.
„ჩვენ ვიხილეთ არა მხოლოდ უცხოური ჩარევის ნიშნები, არამედ უცხოური ძალების მნიშვნელოვანი ჩართულობაც, ასევე არეულობა, უწესრიგობა, შეტაკებები და უპირველეს ყოვლისა, გახლეჩილი საზოგადოება“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
netgazeti