რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სომხეთის მიერ ვიზების დაწესება თავად სომხეთის ინტერესებს დააზარალებს.
ამის შესახებ ზახაროვამ 3 სექტემბერს, ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„თუ სომხეთი უცებ ვიზებსაც შემოიღებს, ის მათ ჩვენს წინააღმდეგ კი არ შემოიღებს, ის მათ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ შემოიღებს“, – თქვა ზახაროვამ.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება შეეხება რუსეთის იმ მოქალაქეებსაც, რომელთაც სომხეთში ბევრი ნათესავი ჰყავთ.
ამ ეტაპზე რუსებისთვის სომხეთის მიერ ვიზების დაწესება არ განიხილება. საკითხი თავდაპირველად ევროპარლამენტარის ვარაუდმა წამოჭრა, რის შემდეგაც ის რუსულ მედიასა და პოლიტიკურ განცხადებებში გააქტიურდა.
ზახაროვას განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ბოლო პერიოდში სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებისა და რუსეთისგან დისტანცირების საკითხებზე დისკუსია გააქტიურდა.
რუსებისთვის სომხეთის მიერ ვიზების შესაძლო დაწესების თემა ივლისის ბოლოს გაჩნდა. 30 ივლისს ევროპარლამენტის წევრმა ფერნან კარტჰაიზერმა რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთს შესაძლოა მოსთხოვონ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან მიერთება.
სომხეთის ოფიციალურ მონაცემებში ამჟამად რუსეთის მოქალაქეები კვლავ იმ ქვეყნების მოქალაქეებს შორის არიან, რომლებსაც სომხეთში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩამონათვალში რუსეთის ფედერაცია უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორისაა და აღნიშნულია, რომ ეს რეჟიმი ყველა ტიპის პასპორტზე ვრცელდება.
ამასთან, სომხეთი ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით მუშაობს. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივლისში განაცხადა, რომ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესრულებას განიხილავს.
რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში დაძაბულობა ბოლო პერიოდში ასევე დაკავშირებულია ერევნის ევროკავშირთან დაახლოების კურსთან. მოსკოვმა არაერთხელ გააკრიტიკა სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების პერსპექტივა. ივლისში ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმირ პუტინს სთხოვა, რუსეთში სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების საკითხის მოგვარებაში დახმარებოდა. Reuters-ის ცნობით, იმავე საუბარში პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს.
netgazeti