WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

"მას არ სჭირდება კილომეტრები. მას სჭირდება უკრაინა. სჭირდება, რომ უკრაინა იყოს რუსეთის ნაწილი", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე კანადური CBC-სთვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - მისაღები იქნება თუ არა უკრაინისთვის "ჰქონდეს, რაც ახლა აქვს და რუსეთს დარჩეს, რაც მან დაიპყრო", ზელენსკიმ ასე უპასუხა:

„ეს ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას. ეს ნიშნავს ბრძოლის ველზე, კონტაქტის ხაზზე გაჩერებას და მთელი ამ ვითარების დიპლომატიაში გადატანას, პარტნიორების მედიაციით.

დიახ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, უკვე ვთქვით კიდეც, თუკი რუსები მზად არიან ცეცხლის შეწყვეტისთვის - დიახ, ცეცხლის შეწყვეტისთვის პირობების გარეშე და ლაპარაკისთვის", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი და იქვე აღწერს საფრთხესაც, რომ გარკვეული ხნის შემდეგ შესაძლოა რუსებს "რამე არ მოეწონოთ და ბრძოლის განახლება მოუნდეთ".

CBC-ს წამყვანმა ედრიენ არსენომ მას ჰკითხა, რა განცდა ჰქონდა იმ დროს, როცა კიევში ვიზიტისას გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის წარგზავნილი ჯარედ კუშნერი ლაპარაკობდა ორივე მხარისთვის მომგებიან ("win-win") გამოსავალზე:

"გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ომში არ არსებობს ორივე მხარისთვის მომგებიანი - win-win გამოსავალი. ეს შეუძლებელია, უდიდესი ადამიანური დანაკარგის გამო. ეს ომი პირველ დღეს რომ გაჩერებულიყო, იქნებოდა win-win.

ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ყველასთვის (არა უკრაინისთვის ან რუსეთისთვის, არამედ ყველასთვის, მსოფლიოსთვის) არის მშვიდობა, ამ ომის შეწყვეტა. ეს არის გამარჯვება - ადამიანების სიცოცხლის მოგება".

უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლების მოსკოვში არაერთგზის ჩასვლის შემდეგ კიევში სტუმრობის გამო "მოხარულია" - "ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მათ გამოხატონ პატივისცემა ჩვენი ხალხისადმი...".

პრეზიდენტი ზელენსკი შეეცადა CBC-ს ეთერში აეხსნა, რომ პუტინის ინტერესი უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ან დონბასში კილომეტრების მითვისება არ არის:

"მას აქვს მსოფლიოში უდიდესი ტერიტორია და სჭირდება რაღაც კილომეტრები - რისთვის?.. ძალიან უცნაურია, როცა ზოგიერთი პარტნიორი აცხადებს, რომ მას უკრაინის მხოლოდ ეს ნაწილი სჭირდება, რაღაც კილომეტრები და სულ ეს არის. ეს გიჟური იდეაა.

არა, მას არ სჭირდება კილომეტრები. მას სჭირდება უკრაინა. სჭირდება, რომ უკრაინა იყოს რუსეთის ნაწილი".

ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიაჩნია, რომ ვლადიმირ პუტინის პირისპირ დაჯდომა მისი "ცხოვრების საუკეთესო დღე" იქნება, თუმცა ამისთვის მზადყოფნის პერსპექტივაზე შეკითხვის პასუხად ამბობს, რომ ამას "ნორმალურად" აღიქვამს:

"ეს არ არის ჩემი სურვილი, ეს არ იქნება ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე [იცინის-რთ], ჯობია ჩემს ოჯახთან ვიჯდე, ასი პროცენტით ასეა. ვინაიდან, ცხადია, ის მტერია" - ამის მიუხედავად, ზელენსკი ხაზს უსვამს რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ საუბრისთვის მზადყოფნას "შედეგისთვის, რომელიც მიგვაახლოებს მშვიდობასთან" და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პუტინის მიზანს:

"მე ვიცი მისი რეალური მიზანი. ვიცი, რომ ამ პირს სურს ჩვენი სრულად დაპყრობა და ის ამას გააკეთებს, თუ არ ვიქნებით ასეთი ძლიერები, თუ მსოფლიო იქნება გადაღლილი ან თუ მე არ მექნება უსაფრთხოების გარანტიები.

რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიები? - მე არ უნდა მეშინოდეს, რომ ის ხვალ დაგვიპყრობს, რადგან ის არ შეიცვლის თავის მიზანს, არასდროს!".

კანადური მედიის ინტერესი შეეხებოდა ამერიკელი მომლაპარაკებლების მიმართ ნდობას და მათთან ეფექტიან კომუნიკაციას:

"ჩვენ უნდა ვენდობოდეთ ერთმანეთს - უკრაინა და ამერიკელები. ამერიკამ უნდა დაიცვას დემოკრატიები. თუკი დემოკრატიას აქვს თხოვნა, ეს ეხება მსოფლიოს, ეს ეხება ნორმალურ წესებს. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე დიდმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას პატარა სახელმწიფოები.

...იცით, ჯარედი და სტივი ამბობენ, რომ მათ უნდათ ომის დასრულება. ვფიქრობ, მათ მართლაც უნდათ ომის დასრულება.

...მათ სურთ ომის დასრულება, როგორც ეს დააკმაყოფილებს დღევანდელ აშშ-ს, რომ დაასრულოს ის რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ყველას გვინდა, რომ დავასრულოთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენ - მხოლოდ ერთმა მხარემ გადავიხადოთ ამის საფასური".

კანადელმა ჟურნალისტმა ინტერვიუს დასასრულ უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა - "კარგად იქნებით? უკრაინა კარგად იქნება?" - "მე ვიქნები კარგად, თუ უკრაინა იქნება კარგად. მაგრამ, უკრაინა იქნება კარგად!".

კანადურ მედიაში ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს გამოქვეყნების პარალელურად, მასთან მეორე ინტერვიუ გაავრცელა ამერიკულმა მაუწყებელმა CBS-მა, რომლის ეთერშიც ზელენსკიმ განმარტა - რატომ აგრძელებს ომს პუტინი:

"არასაკმარისად მამაცი ხალხია პუტინის წინააღმდეგ. როცა ამ ომის დასაწყისში [რუსეთის მოქალაქეები-რთ] ქუჩაში გავიდნენ, მათ დააკავეს ადამიანები და ციხეში ჩაყარეს. სულ ეს იყო.

უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის მსგავსად არ არის, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გამოვიდნენ და თქვან რა მოსწონთ ან არ მოსწონთ და უმეტეს შემთხვევაში (არის რაღაც შემთხვევები ზოგიერთ ქვეყანაში) მათ ამისთვის არ დააპატიმრებენ.

იმიტომაც აგრძელებს, რომ არ გრძნობს ზეწოლას თავისი საზოგადოებისგან. არასაკმარისი ზეწოლაა. თუმცა, ის ამას იგრძნობს, რა თქმა უნდა. ეს უკვე დაიწყო და როგორც ვთქვი, მთავარი მიზეზი ისაა, რომ მას ეშინია საკუთარი სიცოცხლის გამო.

ის ვერ გაჩერდება, ვინაიდან, ფიქრობს, რომ (ვიცი, რომ ეს ნამდვილად ასეა. ჩვენმა დაზვერვამ იცის, მის ირგვლივ მყოფებისგან) თუკი გაჩერდებიან ახლა, ეს არ იქნება გამარჯვება. სრულიად საპირისპირო რამ იქნება მათთვის.

თუკი ის ახლა გაჩერდება, ეშინია, რომ ჯარისკაცები დაბრუნდებიან, იქნებიან ძალიან გაბრაზებულები და დარწმუნებული ვარ, მის წინააღმდეგ განწყობილები. მას ჰქონდა ასეთი პრეცედენტი „ვაგნერელებთან“ დაკავშირებით, გახსოვთ, მაგრამ რამდენი იყვნენ - ხუთი ათასი? - თუ მილიონი ჯარისკაცი დაბრუნდება, ეს ძალიან მძლავრი იქნება".

უკრაინის პრეზიდენტს CBS-სთან ინტერვიუშიც მოუწია პუტინის ზრახვების განმარტება:

"უნდა გავიგოთ, რომ მას არ სურს მშვიდობა, მაგრამ ესმის, რომ უნდა გამონახოს გზა, როგორ შეაჩეროს ეს ომი ისე, რომ მისი საზოგადოებისთვის გამარჯვებად წარმოაჩინოს.

- როგორ?

მას სურს დონბასის დაპყრობა. მიაჩნია, რომ მინიმალური მიზანი არის დონბასის სრულად აღება, რაზეც გარემოცვაში სულ სხვადასხვა ვადას ეუბნებიან".

ტელეწამყვანმა აიდან სტრეჩმა პრეზიდენტ ზელენსკის ჰკითხა - ოდესმე დაუშვია თუ არა დონბასიდან უკრაინელების გასვლა ან მისი ნაწილის დათმობა რუსეთისთვის?

"შეუძლებელია ასე, უბრალოდ, ადგე და დაიხიო უკან. გეტყვით რატომ: ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის მშვიდობა. მშვიდობას რომ მიაღწიო, საჭიროა იყო ძლიერი. ძლიერი რომ იყო, ქვეყანაში ერთობა უნდა გქონდეს. უმჯობესია, ერთსულოვნება იყოს შენს ქვეყანას, ევროპასა და აშშ-ს შორის. ცხადია, ასეთ შემთხვევაში შეგიძლია იყო უფრო, მოქნილს არ ვიტყოდი, არამედ შეგიძლია მოიფიქრო, რა გააკეთო - ერთ ფორმულას მიჰყვე თუ მეორეს, ერთი პრობლემა გადაჭრა თუ მეორე.

ამიტომ, არ შეიძლება ამ ერთსულოვნების დაკარგვა. ეს მნიშვნელოვანია.

როცა დონბასიდან უკან დაიხევ, დაუყოვნებლივ დაკარგავ ერთსულოვნებას შენს ქვეყანაში, რადგან ყველა ჯარისკაცი ამის წინააღმდეგია. ჯარი ამის წინააღმდეგია".

ზელენსკი კვლავაც ხაზს უსვამს რუსეთის პრეზიდენტის არასანდოობას:

"რას ნიშნავს პუტინი იძლევა გარანტიას - ვის აძლევს გარანტიას? მას არავინ ენდობა - ამერიეკელბიც კი. ისინი საჯაროდ ერთს ამბობენ, მაგრამ მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, ჭკვიანები არიან და ესმით, რომ მისი ნდობა არ შეიძლება. რუსებს ისე უნდა მოელაპარაკო, რომ მათ მიმართ ნდობაზე არ იყო დამოკიდებული. ცხადია, არავინ ენდობა. ასი პროცენტით.

საქმე ნდობაში არაა, საქმე ჩვენს გადარჩენას ეხება. ეს [დონბასში-რთ] არის ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ხაზები უკრაინაში. ჩვენ ამას პუტინს საჩუქრად ვერ გადავცემთ, რადგან ეს იქნება მისთვის უფასოდ მიცემული ბილეთი ოკუპაციის გასაგრძელებლად. ამის გვეშინია".

სტრეჩმა ზელენსკის შეახსენა რამდენიმე დღის წინ კიევში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩართვისას ჯარედ კუშნერის ნათქვამი - "ვლადიმირ პუტინს მშვიდობა სურს". პრეზიდენტი ზელენსკი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა ეს სიტყვები მართლაც თქვა:

"დარწმუნებული ვარ, მან თქვა, რომ მშვიდობა უნდა. იტყოდა, არ მინდა ეს ომი, მზად ვარ გავჩერდეო - რაღაც ზოგადს იტყოდა, რისი გამეორებაც შეუძლია მათთვის ყოველდღე. არის სხვაგვარი ინფორმაციაც იმაზე, რას ეუბნება ის თავის გუნდს ყოველდღე. ეს ორი განსხვავებული პუტინია, დარწმუნებული ვარ.

- ფიქრობთ, რომ ის მათ ატყუებს?

რა თქმა უნდა.

- გგონიათ, რომ უიტკოფი და კუშნერი ენდობიან პუტინს?

მან იცის რა და როგორ გააკეთოს - ის "კა-გე-ბედან" არის. მან იცის, ეს როგორ გააკეთოს, როგორ ელაპარაკოს მათ.

- ფიქრობთ, რომ ისინი მას ენდობიან? თვლით, რომ პუტინი მათ აცურებს?

გულწრფელად გეტყვით, ამ ადამიანებს მოსწონთ, როცა ვიღაც ეუბნება - დიახ, მართალი ხართ, მშვიდობა გვჭირდება. ამერიკელები ამბობენ, მშვიდობა გვჭირდება, პრეზიდენტ ტრამპს სურს მშვიდობა და მან[პუტინმა] თქვა - რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპი დიდებული, ძლიერი ადამიანია, ამერიკის უძლიერესი პრეზიდენტია, ის საუკეთესოა, მე მას პატივს ვცემ და ცხადია, მათ მოსწონთ ამის მოსმენა. არ ვიცი, სჯერათ თუ არა, მაგრამ ეს ადამიანის ბუნებაა - მოსწონთ ტკბილი სიტყვები, ტკბილი ტყუილები. ეს ადამიანების ბუნებაა.

მათ არ გააჩნიათ ის მგრძნობელობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. რადგან მათთვის ის მტერი არ არის. არა, არა, ესმით, რომ რუსები მართლები არ არიან და ა.შ., მაგრამ ისინი ვერ გრძნობენ ამას, რადგან ეს ომი არ არის შეერთებულ შტატებში და ღმერთმა ქნას, არასდროს იყოს".

უკრაინის პრეზიდენტმა CBS-ს უთხრა, რომ არ ენდობა რუსეთის პრეზიდენტს და იცის, რომ არც პუტინი ენდობა მას.

"მისი მიზანია ოკუპაცია, ჩემი მიზანია დეოკუპაცია - ორი განსხვავებული მიზანია".

ამის მიუხედავად, ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ აუცილებელია მოლაპარაკების მცდელობა "რომ ვიპოვნოთ გზა - როგორ შევაჩეროთ ხოცვა, შევაჩეროთ დანაკარგები და ეს გადავიტანოთ დიპლომატიაში".

2026 წლის 7 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პირველად ჩავიდნენ უკრაინაში. მანამდე ისინი არაერთხელ იმყოფებოდნენ რუსეთის დედაქალაქში რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებების ამ რაუნდის შემდეგ, თითქმის ერთ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დაპოსტა, რომ კიევიც და მოსკოვიც დათანხმდნენ ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეჩერებას, რაც დიზელის საწვავზე ფასების ზრდას შეაჩერებდა. დონალდ ტრამპის ამ პოსტს იმავე დღეს მოჰყვა პრეზიდენტ ზელენსკის განმარტება, რომ რუსეთის ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეჩერებას კონკრეტული გარანტიების პირობებში შეძლებდა.