ზელენსკი აშშ-ის „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების” გამოცხადებას ელოდება

2 days ago 3

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს „მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას” უკრაინის მხარდასაჭერად. 29 დეკემბერს, ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ გადაწყვეტილება ეხება უკრაინელი მეომრების დახმარების მნიშვნელოვან პაკეტებს და მის ოფიციალურად გამოცხადებას 30 დეკემბერს ელოდებიან.

სააგენტო Associated Press-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 1,25 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებს (NASAMS, HAWK) და რაკეტებს Stinger-ი.

რამდენიმე დღის წინ სააგენტო Reuters-ი იუწყებოდა, რომ აშშ ემზადება უკრაინისთვის კიდევ 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გასაწევად, რაც იქნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 62,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

დონალდ ტრამპმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან დაიწყებს, არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევა.

სრულად წაკითხვა