უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრება პრეზიდენტ რეჯებ ტაიფ ერდოანთან შესახვედრად და მზად იქნება ხუთშაბათს სტამბოლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების ჩასატარებლად.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს. თუ პუტინი ნამდვილად მზადაა შესახვედრად არა მხოლოდ მედიით, არამედ რეალურ ცხოვრებაში. შემდეგ კი, ლიდერების დონეზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ცეცხლის შეწყვეტაზე შესათანხმებლად. რადგან სწორედ მასთან უნდა მოვილაპარაკო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რადგან მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით“ - თქვა ზელენსკიმ.
მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო ჩართულობაზეც ილაპარაკა და განაცხადა: „ჩვენ პრეზიდენტი ტრამპსაც შევთავაზეთ შემოგვიერთდეს. არ ვიცი რას გადაწყვეტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ის მონაწილეობას დაადასტურებს, ვფიქრობ, ეს პუტინს დამატებით სტიმულს მისცემს ჩამოსვლისთვის“.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ წარმოადგენს რუსეთს ამ მოლაპარაკებებზე. 13 მაისს ჩატარებულ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი განაგრძობს მზადებას მოლაპარაკებისთვის, თუმცა არ უთქვამს, თუ ვინ იქნება მათი წარმომადგენელი.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის, მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.
ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, დათანხმდეს 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას.
11 მაისს, საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მეორე დღისათვის (12 მაისისთვის) ელოდებოდნენ ცეცხლის სრულად შეწყვეტას, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას, პირადად კი ხუთშაბათს (15 მაისს) პუტინს თურქეთში დაელოდება.
შემდეგ ზელენსკიმ დააზუსტა, რომ თურქეთში იმ შემთხვევაშიც ჩავა, თუ რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.
12 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გამოთქვა მოლაპარაკებებზე დასწრების სურვილი, თუმცა გადაჭრით არაფერი უთქვამს. „არ ვიცი, სად ვიქნები ხუთშაბათს. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს, მაგრამ მართლა ვფიქრობდი იქ გამგზავრებას. არის ამის შესაძლებლობა, მგონი, თუ ვიფიქრებ, რომ რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ [შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ]“, - განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში.
რუსეთმა არ გაიზიარა უკრაინისა და დასავლეთის სახელმწიფოთა წინადადება 12 მაისიდან 30 დღით ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტის შესახებ.