ზელენსკი შუა აღმოსავლეთში შეთანხმებაზე: თუკი ეს არის შესაძლებელი, მშვიდობის აღდგენისკენ პუტინის იძულებაც შესაძლებელია

20 hours ago 3

"როცა მშვიდობა მიღწეულია მსოფლიოს ერთი ნაწილისთვის, ამას მოაქვს მშვიდობის მიღწევის მეტი იმედი სხვა რეგიონებში, სადაც სიცოცხლე ჯერაც საფრთხის ქვეშ არის", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მან X-ზე დაწერა, რომ გავლენიანმა აქტორებმა უნდა იმუშაონ პუტინის შესაჩერებლად და უკრაინაში მშვიდობის მისაღწევადაც:

"უკრაინაში მივესალმებით ყველა ძალისხმევას, რამაც შუა აღმოსავლეთში ეს შედეგი მოიტანა. მძევლები გათავისუფლდნენ და ომი ღაზაში დასასრულისკენ მიდის. ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი მოვლენაა. პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობამ და მიზანსწრაფულობამ იმუშავა და მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელი დახმარება მოდის იმ ქვეყნებიდან და ბევრი ადამიანისგან, ვისაც რეალური ზეგავლენა აქვს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მშვიდობის დღე დადგეს უკრაინისთვისაც. რუსეთის აგრესია რჩება დესტაბილიზაციის ბოლო გლობალურ წყაროდ და თუკი ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა მიღწეულია შუა აღმოსავლეთისთვის, გლობალური აქტორების ლიდერობამ და მიზანსწრაფულობამ უნდა იმუშაოს ჩვენთვისაც უკრაინაში, ევროპაში. და ამისი გაკეთება შესაძლებელია. ტერორი ყოველთვის მარცხდება, როცა გლობალური ერთიანობა საკმარისად ძლიერია. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ხელს უწყობს მშვიდობას!".

ამავე საკითხზე გაამახვილა დღეს ყურადღება ზელენსკიმ 13 ოქტომბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 71-ე სესიის მონაწილეებისთვის მიმართვისას:

"ყველა თქვენგანზეა დამოკიდებული ეს ომიც დასრულდება თუ არა. პუტინის იძულება მშვიდობისკენ შესაძლებელია - როგორც ნებისმიერი სხვა ტერორისტისა. ჰამასმაც კი გაათავისუფლა მძევლები. თუკი ეს არის შესაძლებელი, მშვიდობის აღდგენისკენ პუტინის იძულებაც შესაძლებელია. რუსეთის ახლა შეჩერებით, მხოლოდ ჩვენ კი არ დაგვეხმარებით სიცოცხლის დაცვაში - დაეხმარებით საკუთარ თავსაც. თქვენ ზოგავთ თქვენს ლიდერებს იმისგან, რომ გააკეთონ, რასაც მე ვაკეთებ - მიმართეთ მსოფლიოს დახმარებისთვის, თუ რუსული უპილოტო თვითმფრინავები, რაკეტები და ჯარისკაცები გახდებიან საფრთხე თქვენთვის".

13 ოქტომბერს ისრაელში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ამ დღეს ჰამასმა 20 მძევალი გაათავისუფლა. ისრაელმა კი დაიწყო 2000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება.

ორშაბათს ქნესეთში გამოსვლისას დონალდ ტრამპმა დარბაზში მყოფ თავის წარგზავნილ სტივენ უიტკოფს მიმართა - "ახლა რუსეთზე ყურადღების გამახვილების დროა"-ო. ტრამპმა აგრეთვე განაცხადა:

"ამდენი წლის განმავლობაში უწყვეტი ომისა და უსასრულო საფრთხის შემდეგ, დღეს ცაში სიმშვიდეა, იარაღი დადუმებული, სირენების ხმა არ ისმის და ამოდის მზე წმინდა მიწის თავზე, სადაც, როგორც იქნა, მშვიდობამ დაისადგურა - მიწასა და რეგიონში, რომელიც ღვთის ნებით, იცხოვრებს მშვიდობიანად სამუდამოდ.

...ეს არ არის მხოლოდ ომის დასრულება - ეს არის ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასრულება და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი... ეს არის ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟი“.

ისრაელმა და ჰამასმა ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმებას გასულ კვირაში, ეგვიპტეში მიაღწიეს აშშ-ის, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლობით.

ტრამპის გეგმა მძევლების და პატიმრების გათავისუფლების გარდა ითვალისწინებს ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას, ჰამასის განიარაღებას და ღაზის სექტორში გარდამავალი მთავრობის შექმნას საერთაშორისო ხელმძღვანელობით. გეგმა გამორიცხავს ჰამასის მონაწილეობას ღაზის სექტორის მართვაში.

სრულად წაკითხვა