უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსეთის ჯარებმა კიევს ჩრდილოეთ კორეისგან მიღებული რაკეტით დაარტყეს.
24 აპრილს, კიევზე სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 90 დაშავდა. კიევის სვიატოშინსკის რაიონში დაინგრა მრავალბინიანი სახლი და დაზიანდა ახლომდებარე შენობები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აპრილს, ღამით განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ზელენსკის თქმით, უკრაინის სპეცსამსახურები დეტალებს ამოწმებენ და თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება რუსეთის და ფხენიანის დანაშაულებრივი კავშირის კიდევ ერთი მტკიცებულება
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთზე რეალური ზეწოლაა საჭირო, რადგან როცა ომის შესაწყვეტად საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე რუსეთი ისევ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ეს ნიშნავს, რომ პუტინს არ ეშინია.
ზელენსკის თქმით, აუცილებელია დარტყმების სრულად და უპირობოდ შეწყვეტა და ომის სამართლიანად დასრულება, უკრაინელების უსაფრთხოების რეალური გარანტია კი ქვეყნის საჰაერო ფარის გაძლიერებაა.