ზელენსკი ხარკოვის დაბომბვას ეხმაურება: "უკრაინელები, როგორც ყველა სხვა ერი, იმსახურებენ დაცვას"

2 days ago 8

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს საღამოს კომენტარი გააკეთა გამთენიას ხარკოვზე განხორციელებული რუსული სარაკეტო დარტყმის შესახებ, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

"ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და გძულდეს სიცოცხლეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ქალაქზე დიდ პარასკევს, აღდგომის წინა დღეს. და როდესაც ჩვენ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს, უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებს და ვითხოვთ თავდაცვით სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ დაგვიცვას რუსული ბოროტებისგან, ჩვენ მათ მივმართავთ სწორედ იმ დაცვისთვის, რომელსაც ნებისმიერი ერი იმსახურებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი სიტყვებით, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ ხარკოვში სამუშაოები გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო ფრთოსანი რაკეტები - „ისკანდერები“. ერთ-ერთი რაკეტა ჰაერში აფეთქდა პირდაპირ საცხოვრებელი უბნის ზემოთ, მეორე - საწარმოს ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსების გვერდით ჩამოვარდა.

დარტყმის შედეგად დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, დაშავდა ასზე მეტი ადამიანი. მათ შორის, ზოგი ხანდაზმულია, ზოგი ძალიან ახალგაზრდა.

"ყველანი უბრალოდ ცხოვრობენ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში - და სწორედ ეს აქცევს მათ რუსეთის, რუსული რაკეტების სამიზნედ", - აცხადებს ზელენსკი.

ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხარკოვს 18 აპრილს, დაახლოებით 05:10 საათისთვის დაარტყეს „ისკანდერის“ ტიპის სამი რაკეტით, რომლებიც ჰაერშივე ააფეთქეს რაც შეიძლება დიდი ზიანის გამოსაწვევად.

მანამდე, უკრაინის ქალაქ სუმიში, რუსული დრონებით შეტევის შედეგად, გამთენიისას, დაზიანდა პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ქარხანაა, სადაც სააღდგომო პასკებსაც აცხობდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი.

სრულად წაკითხვა