უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი ჩავიდა ანკარაში, სადაც მოლაპარაკებას გამართავს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. დღესვე სტამბოლში უნდა დაიწყოს უკრაინის და რუსეთის ოფიციალური პირების მოლაპარაკება, რომელზეც მოსკოვის დელეგაციას პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს.
ანკარაში ჩასვლის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში უკრაინიდან იმყოფება ყველაზე მაღალი დონის დელეგაცია - მისი ოფისი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხედროები, დაზვერვის წარმომადგენლები იმისათვის, რომ მიღებული იყოს სამართლიანი მშვიდობის მოსაღწევად საჭირო ნებისმიერი გადაწყვეტილება და კონტაქტი აქვთ ამერიკულ მხარესღან, რომელიც თურქეთში ასევე, მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება კრემლის მიერ გამოცხადებულ დელეგაციას, უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, „ის უფრო ბუტაფორიულ დონეს ჰგავს“.
ზელენსკის ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოანთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტენ რა ნაბიჯები გადაიდგმება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასარკვევია რა მანდატი აქვს რუსეთის დელეგაციას და შეუძლია თუ არა რაიმეს გადაწყვეტა, რადგან ყველასთვის ცნობილია, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს.