უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს უპასუხა პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას მისთვის ჩამოერთვა "თეთრი არწივის" ორდენი - პოლონეთის უმაღლესი ჯილდო. ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ორდენი პოლონეთში ნავროცკის სახელზე, ბანდეროლით გაგზავნეს, საფოსტო კომპანიის მეშვეობით.
ზელენსკიმ ფოტოს დაურთო კომენტარი, რომელშიც მოაქვს პოლონეთის პრეზიდენტის სიტყვები - რომ ეს ორდენი არაა რიგითი ჯილდო, ისაა "უმაღლესი ნდობის" და "პოლონეთის სახელმწიფოსთან განსაკუთრებული კავშირის, ხალხის განსაკუთრებული მადლიერების" სიმბოლო.
"თუ მიჩნევენ, რომ ეს განსაკუთრებული სიმბოლო შესაძლებელია რჩებოდეს ეკატერინე მეორესთან, ბენიტო მუსოლონისთან და გერჰარდ შრიოდერთან, უკრაინაში ამაზე არ ვიდავებთ" - წერს ზელენსკი. იგი აღნიშნავს, რომ როცა 2023 წელს ეს ორდენი მიიღო, ის მიიჩნია მიძღვნილად უკრაინელი ხალხისადმი და არმიისადმი.
ზელენსკი დასძენს, რომ უკრაინა პოლონელი ხალხის მადლიერია მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს "რუსეთისგან ჩვენი და თქვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში".
"უკრაინა მადლიერია ყველა ხალხის, სახელმწიფოსი და ლიდერის, რომლებიც მომავალშიც ჩვენთან ერთად იქნებიან თავისუფლების დაცვის გზაზე და რომლებიც უკრაინასთან ერთად გახდებიან გარანტორები ევროპაში ომისშემდგომი მშვიდობისა და ახალი რეალური უსაფრთხოებისა" - დასძენს ზელენსკი.
იგი აღნიშნავს, რომ უკრაინა მომავალშიც ღია იქნება პოლონეთთან თანამშრომლობის ყველა არსობრივი ფორმატისთვის, "რათა შევეცადოთ არ დავუშვათ განსხვავებული აღქმა ორი ხალხის ისტორიის რთული და მტკივნეული გვერდებისა და უზრუნველყოფილი იყოს დამსახურებული პატივისცემა მეოცე საუკუნის ყველა უდანაშაულო მსხვერპლის მიმართ". ზელენსკი ამბობს, რომ ყველა უკრაინელი "იმსახურებს უპირობო პატივისცემას გმირობისთვის, რომელიც უკრაინის ხალხმა გამოავლინა რუსეთის აგრესიისგან დაცვისას".
ერთი დღით ადრე ნავროცკიმ თქვა, რომ პოლონეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, თუმცა ზელენსკის უმაღლესი ჯილდო უნდა ჩამოერთვას, რადგან იგი დათანხმდა უკრაინის არმიის ერთ-ერთი დანაყოფს სახელად მინიჭებოდა „УПА-ს გმირები". "პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვალდებულია დაიცვას ამ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს ღირსება" - თქვა ნავროცკიმ და აღნიშნა, რომ პოლონეთი არ დაუშვებს ევროკავშირში გაწევრიანდნენ ისინი, ვისაც არ ესმის აუცილებლობა უარყოფილი იყოს "ტოტალიტარიზმის და ძალადობის კულტი".
"თეთრი არწივის" ორდენი ზელენსკის 2023 წელს, პრეზიდენტ ანჯეი დუდას დროს მიენიჭა, პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის. ხოლო გადაწყვეტილება ქვედანაყოფს დარქმეოდა "УПА-ს გმირები" მიიღეს მაისში, რასაც ვარშავაში მკვეთრი რეაქცია მოჰყვა.
УПА, ანუ უკრაინის მეამბოხე არმია, იყო სამხედრო-პოლიტიკური პარტიზანული ფორმირება, რომელიც 1942-1956 წლებში მოქმედებდა სტეპან ბანდერას კონტროლის ქვეშ, ძირითადად დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე (ომებს შორის პერიოდში ეს ტერიტორია პოლონეთის ნაწილი იყო, 1939 წელს ის საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ გადავიდა, რაც ომის დასრულების შემდეგ დადასტურდა). თავის მიზნად УПА აცხადებდა დამოუკიდებელი უკრაინის შექმნას, საბჭოთა კავშირის და ნაცისტური გერმანიის მხრიდან კონტროლის გარეშე.
1943-45 წლებში ვოლინისა და აღმოსავლეთ გალიციის ტერიტორიებზე მასობრივად დახოცეს პოლონელი მოსახლეობა, რაზეც პასუხისმგებლობას პოლონური მხარე აკისრებს УПА-ს. პოლონელი ისტორიკოსების უმრავლესობის შეფასებით, ამ მოვლენებს ემსხვერპლა 35-40 ათასამდე პოლონელი, თუმცა პოლონეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიებში ხშირად ასახელებენ 100 ათას დაღუპულსაც. პოლონეთის პარლამენტმა ამ მოვლენებს გენოციდის კლასიფიკაცია მიანიჭა.
ვოლინში პოლონელების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ფაქტს უკრაინელი ისტორიკოსებიც აღიარებენ, და ამასთან აცხადებენ, რომ უკრაინულ-პოლონური კონფლიქტის დროს რეგიონში უკრაინელმა მოსახლეობამაც დიდი დანაკარგები განიცადა.
ბოლო წლებში უკრაინამ და პოლონეთმა არაერთი ნაბიჯი გადადგეს ისტორიული უთანხმოების გადაჭრისთვის. 2023 წელს ვოლინში ჩატარდა ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემი ცერემონია, ორი სახელმწიფოს ლიდერების მონაწილეობით. დასავლეთ უკრაინაში დაიწყო მაშინდელი მოვლენების მსხვერპლთა გვამების ექსჰუმაციის სამუშაოები.
მას მერე, რაც ვარშავამ გააკრიტიკა უკრაინის გადაწყვეტილება არმიის დანაყოფს დარქმეოდა "УПА-ს გმირები", უკრაინელი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ეს ნაბიჯი არ იყო გადადგმული პოლონეთის წინააღმდეგ, და მისი მიზანი იყო УПА-ს მხრიდან საბჭოთა ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ხაზგასმა.

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·