ზელენსკიმ საუბარი გამართა უიტკოფთან და კუშნერთან

1 day ago 19

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 ივლისს ელაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფთსა და ჯარედ კუშნერს. ეს ცნობა გაავრცელა გამოცემა Axios-ის კორესპონდენტმა, შემდეგ ინფორმაცია თავად ზელენსკიმაც დაადასტურა.

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, გაიმართა "მნიშვნელოვანი საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს დიპლომატია და მოახლოვდეს მშვიდობა". ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინის და აშშ-ის ჯგუფები მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ და აგრძელებენ მუშაობას განხილვის პროცესში მყოფ საკითხებზე.

ეს მოლაპარაკება გაიმართა ერთი დღით ადრე, სანამ მანილაში ერთმანეთს შეხვდებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი. რუბიო აცხადებს, რომ აპირებს ლავროვთან განიხილოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი.

მანამდე მოსკოვი მზადყოფნას აცხადებდა უიტკოფისა და კუშნერის მისაღებად. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი ამბობდა, რომ შესაძლო ვიზიტი დღის წესრიგში რჩება, თუმცა კონრეტული თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

ზელენსკი მაისის ბოლოს გამოთქვამდა იმედს უიტკოფის და კუშნერის კიევში ჩასვლაზე, ორი კვირის განმავლობაში. თუმცა ის ვიზიტი არ შედგა.

აშშ-ის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ბოლო რაუნდი თებერვალში იყო. შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვის გამო სამმხრივი მოლაპარაკების გაგრძელება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ივნისში ტრამპი აცხადებდა, რომ აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის დასრულება ვაშინგტონს საშუალებას მისცემს კონცენტრირდეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. თუმცა ივლისში აშშ-მა და ირანმა კვლავ განახორციელეს ურთიერთდარტყმები.

სრულად წაკითხვა