ზელენსკიმ ტრამპთან საუბარში განიხილა საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკაზე რუსეთის დარტყმების საკითხები

3 days ago 2

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან "პოზიტიური და პროდუქტიული" სატელეფონო საუბრისას მან განიხილა რუსეთის დარტყმები უკრაინის ენერგეტიკის სისტემაზე.

"განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე კონკრეტული შეთანხმებები, რომლებზეც ამის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ. არის კარგი შესაძლებლობები და ძლიერი მოსაზრებები ჩვენი რეალური გაძლიერებისთვის" - წერს ზელენსკი პლატფორმაზე X.

"პრეზიდენტ ტრამპს მივულოცე წარმატება და ახლო აღმოსავლეთისთვის მიღწეული შეთანხმება, რომელიც მან რეალურად უზრუნველყო, და ეს ძლიერი შედეგია. და თუკი იმ რეგიონში მოხერხდება ომის გაჩერება, შესაძლებელი იქნება სხვა ომების გაჩერებაც - მათ შორის რუსეთის ამ ომისაც" - წერს ზელენსკი, რომელიც გულისხმობს ძალაში ახლახან შესულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე ღაზის სექტორში.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის დარტყმებზე უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე. "მადლობელი ვარ ჩვენი მხარდაჭერის მზადყოფნისთვის" - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

გამოცემა Axios თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპმა და ზელენსკიმ განიხილეს უკრაინისთვის Tomahawck-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტების გადაცემის საკითხი. მიმდინარე კვირაში ტრამპი აცხადებდა, რომ "გარკვეული მნიშვნელობით" მიღებული აქვს გადაწყვეტილება უკრაინისთვის ამ, 1.5 ათასზე მეტი კილომეტრის რადიუსში მოქმედი რაკეტების მიწოდებაზე - თუმცა დასძენდა, რომ კვლავაც აქვს გარკვეული შეკითხვები. Axios-ის წყაროები არ ამბობენ მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება.

მოსკოვი ბევრჯერ უარყოფითად გამოეხმაურა უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას - რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს რაკეტები არ შეცვლის ომის განვითარებას, მაგრამ სერიოზულ ზიანს მიაყენებს აშშ-რუსეთის კავშირებს. მედიასაშუალებები, მათ შორის Financial Times-ი წერდნენ, რომ აშშ-მა ნატოს სხვა ქვეყნების შუამავლობით შეიძლება უკრაინას ამ ტიპის რაკეტები შეზღუდული რაოდენობით მიაწოდოს, მაგრამ ჯერ არ მისცეს მათი გამოყენების უფლება და მოსკოვის რეაქციას დაელოდოს.

ზელენსკისა და ტრამპს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დათბა თებერვლის შემდეგ - როცა მათ შორის ტელეეთერით გადაცემული სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა თეთრ სახლში.

მას შემდეგ ტრამპმა ზელენსკის "კარგი კაცი" უწოდა და ის ინარჩუნებს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ - რომელიც 2022 წლიდან ებრძვის იქ შეჭრილ რუსეთის ძალებს.

სექტემბერში ორი ლიდერი ერთმანეთს შეხვდა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად.

სრულად წაკითხვა