მსახიობი ზურა ყიფშიძე კვირის პალიტრას ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა.
"ჩემს ასაკში ძალიან რთულია ამ ყველაფერს აუღელვებლად უყურო. დღეს ძალიანაც რომ მოინდომო, აპოლიტიკური ვერ იქნები. მე ვერაფერს ვიტყვი ვერც გამოსავალზე და ვერც იმაზე, სად დავუშვით ყველაზე დიდი შეცდომა, მაგრამ რაღაც ისე რომ არ არის, როგორც უნდა იყოს, ყველა ვხვდებით. ვიღაცამ უნდა მოინდომოს და შეცვალოს უკეთესობისკენ ეს ქვეყანა.ჩვენ უსიყვარულობა გვჭირს - ეს არის ერთ-ერთი სვლა იმისთვის, რომ ზოგიერთმა ეგო დაიკმაყოფილოს, ძალაუფლება მოიპოვოს, მოიპარონ, მერე შური იძიონ და ა.შ. ქართველებს არ შეგვიძლია, რომ არ დავეტაკოთ ერთმანეთს, შარი არ მოვდოთ და გული არ ვატკინოთ. …დედამიწა გაგიჟდა. ჩვენ ზედაპირულად ვიცით რაღაცები, ნეტავ სინამდვილეში როგორაა საქმე. ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, პოლიტიკით ვართ შეპყრობილი. ვერ დავალაგეთ ქვეყანა და გაუთავებელ მოლოდინსა და გარდამავალ პერიოდში ვართ.საშინელება იყო, რაც პარლამენტის წინ ვნახე! ეს ცემა-ტყეპა ისეთი საშინელება იყო, არ ვიცი, რა ვთქვა! ტელევიზორი შემზიზღდა, ხანდაზმული კაცი ვარ და რომ ვუყურებ, სულ მეცრემლება."