საბერძნეთის პოლიციის განცადებით, ათენის სიახლოვეს, კალივიის დასახლებაში, კერძო სახლში რეიდის შედეგად ამოიღებულია 97.3 გრამი კოკაინი, ექსტაზის 190 ტაბლეტი, „ქსანაქსის“ 23 ტაბლეტი, 13 გრამი კანაფი, 2.8 გრამი მეტამფეტამინი, 702 გრამი უცნობი თხევადი ნივთიერება და სხვა დასახელების ნარკოტიკები.
ასევე, ამოიღეს სეიფი, რომელშიც დაახლოებით 44 605 ევრო, ნაღდი ფული იყო შენახული.
რეიდი 30 დეკემბერს ჩატარდა და 10 ადამიანი დააკავეს. ამ ადამიანს გარდა დააკავეს სამი სამართალდამცავი, რომლებიც, არასამუშაო დროს, კერძო დაცვად მუშაობდნენ და სახლის პერიმეტრს იცავდნენ.
დაკავებულთა შორისაა იზატხანიმ ჯავადოვაც, - მედიის თანახმად, წვეულების ორგანიზატორი. 2 იანვარს მათგან ხუთი გაათავისუფლეს. 3 იანვარს გაირკვევა, რა ელის ჯავადოვას.
იზატხანიმ ჯავადოვა, - სასცენო სახელით მიკაელა ჯავი (Mikael Jav), - არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბიძაშვილი. კერძოდ, ილჰამ ალიევის მამის, ჰეიდარი ალიევის ძმის შვილი. ჰეიდარ ალიევის ძმა, ჯალალ ალიევი, პარლამენტარი იყო.
ჯავადოვა რუსეთში გაიზარდა. ამჟამად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
მიკაელა, - მისი სასცენო სახელი, - მისი 22 წლის ქალიშვილის სახელია.
მისი ქმარი, სულეიმან ჯავადოვი, აზერბაიჯანის ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის შვილია.
ჯავადოვა 2015 წლიდან არის დიჯეი.
2021 წელს მისი სახელი ფიგურირებდა „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ (OCCRP-ის) ჟურნალისტურ გამოძიებაში.
დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA-მ) ჯავადოვასა და მის ქმარს ლონდონში, მათი ცხოვრების „კორუფციის შედეგად მიღებული თანხებით დაფინანსებაში“ დასდო ბრალი.
წყვილმა 2021 წლის ივლისს შეთანხმებას მიაღწია გამომძიებლებთან - დათმო 4 მილიონი ფუნტი ბრიტანული საბანკო ანგარიშებიდან, სანაცვლოდ კი NCA-მ თანხმობა განაცხადა, რომ არ ეცდებოდა მათი უძრავი ქონების ჩამორთმევას, - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - გაერთიანებული სამეფო“.