ზურაბ მახარაძე: რეესტრმა ჩვენი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

1 week ago 8

საჯარო რეესტრმა პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევა დაიწყო.

აღნიშნული პარტიით არჩევნებში მონაწილეობას პრო-რუსული „ალტ ინფოს“ ლიდერები გეგმავენ. მათ პარტიას “კონსერვატიულ მოძრაობას” საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია 8 აპრილს გაუუქმა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს მათ სხვა პარტიის [“ქართული იდეა”] რიგებით გამოსვლა არჩევნებზე.

„ალტ ინფოს“ განცხადებით, ცენტრალი საარჩევნო კომისიისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული იდეის“ სარეგისტრაციო მონაცემებზე საჯარო რეესტრში მოკვლევა მიმდინარეობს და მათი განცხადების განხილვა არჩევნებზე რეგისტრაციისთვის, მოკვლევის დასრულებამდე ვერ მოხდება.

„ეს წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ჩვენი ახალი პარტიის ,,ქართული იდეის” გაუქმების პროცესიც დაიწყო.

ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს რომლითაც ოცნება ,,ქართულ იდეას” აუქმებს, პარტიას რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ „ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ.

ესაა რეალობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებზე ხალხს ნაცების და ქოცების გარდა კიდევ რამე არჩევანი ჰქონდეს, მაგრამ ხალხმაც უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ უნდა თუ არა ასეთი არჩევანი. თუ გინდა უფლება, მისთვის რამე უნდა გააკეთო,“ — ამბობს ზურაბ მახარაძე.

“ალტ ინფოს” პოზიციაა, რომ “ქართულ ოცნებას” არ სურს მათი არჩევნებზე დაშვება, რათა მათი ამომრჩევლების ხმები მოჩვენებითი კონსერვატორული რიტორიკის ფონზე თავად მიიღოს.


საჯარო რეესტრის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ძალადობრივი, პრორუსული დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“.

რეესტრის გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება პარტიის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ მიიღეს მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე შეისწავლეს პარტიის რეგისტრაციის კანონიერება.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, „კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიად რეგისტრაცია ზურაბ მახარაძემ 2021 წლის 21 ნოემბერს მოითხოვა, თუმცა რეესტრმა წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა, რისი გამოსწორებაც პარტიას დაევალა.

კერძოდ, რეესტრის მიხედვით, პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას არ ახლდა გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეული გიორგი ქარდავას ხელმოწერა, პარტიის ემბლემის აღწერილობასა და წარდგენილ ესკიზებში იყო შეუსაბამობები, სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას ხელს აწერდა მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე — ამავე წესდების მიხედვით კი დოკუმენტზე ყრილობის ყველა მონაწილის ხელმოწერა იყო საჭირო, ასევე, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ ინფორმაციას.

როგორც საჯარო რეესტრი 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაში წერს, ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა ხარვეზების გასწორების მიზნით პარტიამ რეესტრში 2021 წლის დეკემბერში წარადგინა განახლებული დოკუმენტაცია, პარტიის წესდებას კი ხელს აწერდა ყრილობის თავმჯდომარე კონსტანტინე მორგოშია. ამის საფუძველზე საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის 7 დეკემბერს დაარეგისტრირა.

თუმცა, როგორც საჯარო რეესტრი აცხადებს, 2021 წლის დეკემბერში წარდგენილი დოკუმენტაცია სამართლებრივად არ იყო გამართული.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წესდება ყრილობას უნდა დაემტკიცებინა. ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის პარტიის წევრთა ყრილობის მიერ მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ მომხდარა“ ,— აცხადებს საჯარო რეესტრი.

მათივე განცხადებით, „საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით“, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პარტიის რეგისტრაცია გააუქმა.

აღნიშნულის შემდეგ, „ალტ ინფოს“ ორგანიზებით თბილისში აქცია გაიმართა. აქციაზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ „ქართული იდეა“, რომელიც წინა არჩევნებში იღებდა მონაწილეობას მათ პარტიას უთმობდა.

სრულად წაკითხვა