WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პოლიტიკური პარტია „გირჩი“, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 36-ე ნომრად ასპარეზობდა, აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება, სახელი შეიცვალოს.

„გადავწყვიტეთ, ეს დავასრულოთ და გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი – დავირქვათ ის, რაც რეალურად ვართ, სულ ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით: თავისუფალი ხალხის პარტია“, - წერს „გირჩი“ 7 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გადაწყვეტილების მიზეზად პარტია ასახელებს „გაუგებრობას“, რაც პარტიის ყოფილი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ შექმნილი მეორე პარტიის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ სახელს უკავშირდება.

„ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ გაუგებრობას შესანიშნავად იყენებენ და ხან რას გამოაცხადებენ ჩვენს ნათქვამად თუ პოზიციად და ხან – რას“, - წერ პარტია და დასძენს:

„არის შემთხვევები, როდესაც ისეთ ვინმეს წარმოაჩენენ ჩვენს ძმად ან აქტივისტად, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია არც ჩვენთან და არც თავისუფლებასთან. ეს ყველაფერი ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნის ჩვენზე და, ამავდროულად, აზიანებს იმ იდეას, რის გამოც თავის დროზე ჩვენი პარტია შეიქმნა“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება „გირჩის სათათბიროს“ ეკუთვნის.

„გირჩის“ გაყოფა

2020 წლის დეკემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ემიჯნება პარტიის თანადამფუძნებლებსა და ლიდერებს - ვახტანგ მეგრელიშვილს, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს.

ჯაფარიძემ დაპირისპირების მიზეზებსა და დეტალებზე საუბარს თავს აარიდა და განაცხადა, რომ მათთან ურთიერთობის დალაგება ბევრჯერ სცადა, თუმცა მხოლოდ მაშინ დაინახა, რომ ეს შეუძლებელია.

ჯაფარიძემ მალევე დააარსა პარტია „გირჩი — მეტი თავისუფლება“, ხოლო პარტია (სახელითა და სხვადასხვა რესურსით) „გირჩი“ დანარჩენმა ლიდერებმა დაიტოვეს. ეს ორი პარტია დღემდე დაპირისპირებულია ერთმანეთს.

2026 წლის 7 სექტემბრისთვის, პარტიების რეესტრში ხვიჩია-რაქვიაშვილის პარტია რეგისტრირებულია, როგორც „ახალი პოლიტიკური ცენტრი“; „გირჩი“ შემოკლებული დასახელებაა.

ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ გარდა, „გირჩი“ არის 2024 წლის საარჩევნო „კოალიციის“ დასახელებაშიც: „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.