თანამდებობა დატოვა იოსებ სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

4 hours ago 8

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა იოსებ სიგუამ, რომელსაც ელექტრონული სამაჯური შეაბეს, თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური წუხელ დაუმაგრეს, ვინაიდან მას ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს.

პროსამთავრობო „რუსთავი 2-ს“ ცნობით, სიგუა აპირებს სამართლებრივ დავას ცილისწამების წინააღმდეგ. მათი ცნობით, იოსებ სიგუა გეგმავს, რომ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს როგორც მეუღლის, ასევე კონკრეტული მედიასაშუალების წინააღმდეგ.

იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია 4 ივლისს „ტვ პირველმა“ გაავრცელა. „შაბათის ეთერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი სოფია სიგუა-შატბერავა ამბობდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა. ქალის თქმით, იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

თუმცა ცოლის მიერ ძალადობაში მხილებიდან რამდენიმე დღეში იოსებ სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

სრულად წაკითხვა