“ქართული ოცნება” თანამდებობას, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იყო განკუთვნილი, აღარ შექმნის. ამის შესახებ ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი უახლოეს პერიოდში სამთავრობო სტრუქტურაში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს. როგორც ცნობილი გახდა, მთავრობა არსებულ კანონპროექტს უკან გაიწვევს, რათა მასში მნიშვნელოვანი კორექტირება შევიდეს. კერძოდ, რეგიონული მიმართულებით კოორდინაციისთვის სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტი, რომელიც მდინარაძისთვის იყო განკუთვნილი, აღარ შეიქმნება, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები დიდი ალბათობით გაერთიანდება.
თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება. ამავდროულად, იგეგმებოდა ახალი უწყების – რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოზიციის შექმნა.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის ფუნქცია, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მამუკა მდინარაძეს ჰქონდა დაკისრებული, წარმატებით შესრულდა და დღეს ეს სისტემა “გამართულად მუშაობს”. პაპუაშვილის თანახმად, რეგიონული მიმართულებითაც მსგავსი საკოორდინაციო პოსტის შექმნა უშუალოდ “მამუკა მდინარაძის პოლიტიკურ წონასა და მის პირად შესაძლებლობებს” უკავშირდებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, “ოცნებისთვის” აღნიშნული თანამდებობის შემოღების საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნა.
„პოლიტიკურ გუნდში უმნიშვნელოვანესია ისეთი ფიგურების არსებობა, რომლებსაც სხვადასხვა სტრუქტურებს შორის კოორდინაციისთვის საჭირო პოლიტიკური გამოცდილება და რესურსი გააჩნიათ. გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, ამ კონკრეტული პოსტის შექმნის გადაწყვეტილებაც შეიცვალა“, – შალვა პაპუაშვილი.
სამინისტროების გაერთიანება და ახალი ხელმძღვანელი
როგორც ცნობილია, ამჟამად რეგიონული განვითარების სამინისტრო ცალკე უწყებადაც არსებობს. სწორედ ამ სამინისტროს ხელმძღვანელობდა მდინარაძე სანამ გადადგებოდა და პოლიტიკიდან წავიდოდა.
პაპუაშვილის ცნობით, რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტროები სრულად გაერთიანდება. ტექნიკური თვალსაზრისით კანონპროექტის ხელახალი ფორმულირებისთვის მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს ძველ ვარიანტს, განახლებულ დოკუმენტს კი საკანონმდებლო ორგანო მომავალ სასესიო კვირაში განიხილავს.
რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში გაერთიანებულ უწყებას, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამინისტროს ხელმძღვანელად მოქმედი რეზო სოხაძე განიხილება. პაპუაშვილის შეფასებით, სოხაძე ამ ეტაპზეც წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
netgazeti