„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ აგრძელებენ თანამდებობის პირების მიერ დეკლარირებული საჩუქრების შესწავლას. ამ მონაცემების მიხედვით ორგანიზაცია ამბობს, რომ 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში 379-მა თანამდებობის პირმა 24 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქარი მიიღო.
მათივე ცნობით, თანამდებობის პირებმა ფულადი საჩუქრის სახით 11 მლნ ლარი მიიღეს, ხოლო უძრავი ქონების სახით 12 მლნ ლარი, ასევე, საჩუქრად მიიღეს ავტომობილები, იარაღი და სამკაული..
რა სახის საჩუქრებს იღებენ თანამდებობის პირები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, თანამდებობის პირები საჩუქარს ყველაზე ხშირად უძრავი ქონების სახით იღებენ. ორგანიზაცია ამბობს, რომ 09.2025-04.2026 პერიოდში 100-მა პირმა ჯამურად 12 მლნ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება მიიღო – უძრავი ქონებიდან 48 საცხოვრებელი სახლია, ხოლო 69 – მიწის ნაკვეთი.
„233-მა თანამდებობის პირმა ჯამურად 11 მლნ ლარი მიიღო ფულადი საჩუქრის სახით, რაც საშუალოდ ერთ პირზე 47 ათასი ლარია. მათგან 28 თანამდებობის პირს 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა აქვს მიღებული. საჩუქრებში დაადეკლარირეს ასევე 28 ავტომობილი და 6 იარაღი.
ფულადი საჩუქრის ჩუქების შემთხვევაში, საჩუქარი ხშირად დოლარში ან ევროშია მითითებული. 09.2025-04.2026 პერიოდში მიღებული 11 მლნ ლარის საჩუქრებიდან, 5,6 მლნ ლარი დოლარში იყო, ხოლო 1,7 მლნ ევროში“, – წერს ორგანიზაცია.
TI-საქართველო ამბობს, რომ ჯამური ღირებულების მიხედვით, თანამდებობის პირებმა საჩუქრების 60.78% (14,9 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს, 4,3 მლნ ლარის საჩუქრები – და-ძმისგან, 2,4 მლნ ლარი – ნათესავების, ხოლო 1,3 მილიონი – შვილებისგან.
რომელი უწყების წარმომადგენლები იღებენ ყველაზე მეტ საჩუქრებს
ორგანიზაციამ ასევე დაადგინა, რომ საჩუქრები 158 სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს – 46-მა თანამშრომელმა ჯამში 2,3 მლნ ლარის. TI-საქართველო წერს, რომ შსს-ს მოჰყვება საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის თანამშრომლებმაც ჯამში 2 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს, შემდეგ კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სადაც 9 თანამშრომელმა ჯამში 1,6 მლნ ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო.
ვინ მიიღო ყველაზე მეტი საჩუქარი
რაც შეეხება კონკრეტულ პირებს – ორგანიზაციამ 10 მათგანი გამოარჩია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიხედვით, 09.2025 – 04.2026 წლების დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო:
1. თამარ დოლიძე – 930,060 ლარი
თანამდებობა: საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე;
2. დემურ სულაბერიძე – 900,000 ლარი
თანამდებობა: ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე (ყოფილი)
3. ზურაბ გოზალიშვილი – 800,000 ლარი
თანამდებობა: ააიპ-სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი
4. მიხეილ სარჯველაძე – 500,000 ლარი
თანამდებობა: ჯანდაცვის მინისტრი
5. პაატა პატიაშვილი – 446,080 ლარი
თანამდებობა: თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.
6. ხათუნა თოთლაძე – 408,000 ლარი
თანამდებობა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე
7. კახაბერ გავაშელი – 408,000 ლარი
თანამდებობა: საბურთალოს რაიონის გამგეობის გამგებლის მოადგილე
8. ნინო მდინარაძე – 389,677 ლარი
თანამდებობა: საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი
9. სანდრო ცაბუტაშვილი – 377,800 ლარი
თანამდებობა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი (ყოფილი)
10. თინათინ მეძმარიშვილი 338,750 ლარი
თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი.

5 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·