WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

28.09.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

თბილისში, წერეთლის გამზირზე, 166-ე საჯარო სკოლასთან აქცია გაიმართა. სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ითხოვენ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდეს დემონტაჟის ნაცვლად.

ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ უკვე სამი წელია მოსწავლეები და მასწავლებლები ორ სკოლაში – 155-ე და 24-ე საჯარო სკოლებში არიან განაწილებულები.

ერთ-ერთი მასწავლებელი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ შენობას ჩატარებულია აქვს სამხარაულის ექსპერტიზა – 2024 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ შენობა ავარიული არაა, მეორე და მესამე ხარისხის დაზიანებები აქვს, შესაძლებელია მისი თანამედროვე სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, თუმცა არარენტაბელურია.

მშობლები ამბობენ, რომ „შეხიზნულ“ სკოლებში ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების მიღება შეუძლებელია.

„ჩემი სამი შვილი სწავლობს 166-ე სკოლაში, ფაქტობრივად გამოდის, რომ ასტრონომიული დრო, რომელიც დღის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესს უნდა დაეთმოს, არ არის საკმარისი – საგაკვეთილო ცხრილის მიხედვით, სასწავლო პროცესი არის შერეული ფორმის, იწყება ონლაინ დილის საათებში, შემდეგ გარკვეული ფანჯარაა და მეორე ცვლაში აგრძელებენ ბავშვები სწავლას. რა შედეგზე შეიძლება გავიდეს მომავალი თაობა, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. არსებობს სამხარაულის დასკვნა, რომელსაც მე თვითონ გავეცანი, რადგან მშობლებს ინტერესი გვქონდა რა ეწერა შავით თეთრზე, [დასკვნაში] ხაზგასმითაა მინიშნება, რომ სკოლის შენობის ნახევარი მისი რეაბილიტაციის შემთხვევაში ექვემდებარება ექსპლუატაციას. ანუ მასში შესაძლებელია სასწავლო პროცესის დაწყება. თუ ეს ასე არ არის, მაშინ უნდა გამოვიდეს ვისაც აღნიშნული საკითხი ეხება და თქვას – არა ბატონო ეს შენობა არის ავარიული და ექვემდებარება დემონტაჟს“, – ამბობს მშობელი, პეტრე წურწუმია „ნეტგაზეთთან“.

მასწავლებელი ხათუნა ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ჰიბრიდული სწავლების რეჟიმი წელს შემოიღეს, რადგან მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის პიკის საათის დროს პრობლემაა ქალაქში გადაადგილებაც:

„ჩვენ შექმნილი დისკომფორტის გამო გადავწყვიტეთ, რომ მეტი ყურადღება გვჭირდება ზემდგომი ორგანოებისგან, რომ რაღაცნაირად იქნებ საქმე, რომელსაც ჰქვია 166-ე სკოლის რეაბილიტაცია დავძრათ მკვდარი წერტილიდან. […] ჰიბრიდული სწავლა წელს შემოვიღეთ, იმიტომ რომ დისკომფორტი იყო, ჩვენ 24-ე სკოლაში ვართ და 6 საათზე, როდესაც პიკია სატრანსპორტო ქალაქში, იქიდან ძალიან უჭირდათ ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც აქეთ მხარეს წამოსვლა, რადგან ეს საუბნო სკოლაა, ბავშვები ძირითადად ამ უბანში ცხოვრობენ, საკმაოდ რთულია გადაადგილება, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვემცირებინა პირისპირ გაკვეთილების რაოდენობა იმის ხარჯზე, რომ დავამატეთ ონლაინ გაკვეთილები დილის საათებში“, – ამბობს მასწავლებელი „ნეტგაზეთთან“.

სკოლასთან აქცია ხვალ, 29 სექტემბერს 14:00 საათზეც გაიმართება.