საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, 25-27 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა.
სამუშაო ვიზიტი, როგორც ომბუდსმენის აპარატი განმარტავს, აშხაბადში თურქმენეთის სახალხო დამცველის (როგორც თავად თურქმენეთში უწოდებენ, ადამიანის უფლებათა კომისრის) აზდურსუნ გურბანნაზაროვას მიწვევით შედგა.
თურქმენეთი ის ქვეყანაა, სადაც ადამიანის უფლებების მდგომარეობა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ძალიან მძიმედ ფასდება. ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული და ავტორიტარული მთავრობა მართავს. პრაქტიკულად არ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება, ძლიერ შეზღუდულია გამოხატვის, შეკრების, რელიგიის, გადაადგილების თავისუფლება. არის პოლიტიკური დევნის, წამების, არასათანადო მოპყრობის, იძულებითი გაუჩინარებების შემთხვევები (Human Rights Watch-ის შეფასება.)
სახალხო დამცველის ინსტიტუტი ფორმალურად მართალია არსებობს, მაგრამ მისი დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ისევ Human Rights Watch-ის შეფასებით, ქვეყნის პოლიტიკური სისტემის აბსოლუტური სახელმწიფო კონტროლი არ ტოვებს გასაქანს ომბუდსმენის ინსტიტუტის შესაბამისი ფუნქციონირებისთვის. თავად თურქმენეთის სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში წერია, რომ მან მიიღო 167 წერილობითი და 83 ზეპირი მიმართვა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევებზე, თუმცა მხოლოდ 8 წერილობითი მიმართვა დაკმაყოფილდა.
საქართველოს ომბუდსმენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, თურქმენეთმა საქართველოს პრევენციის მექანიზმი შეუქო. დაითქვა მომავალ წელს თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. თუმცა რაში მდგომარეობდა სამუშაო ვიზიტის შინაარსი, რა გამოცდილებები გაუზიარეს ერთმანეთს საქართველოსა და თურქმენეთის სახალხო დამცველებმა, დეტალები უცნობია.
გაგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დაესწრო ფორუმს, რომელშიც ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა. მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის დღეს გაიმართა და ესწრებოდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ირანი, უზბეკეთი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი, აზერბაიჯანის ლიდერები და სხვები. ირაკლი კობახიძე თურქმენეთში 2025 წელს სამჯერ იმყოფებოდა.
თურქმენებთან გახშირებულ შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობს შალვა პაპუაშვილიც, „საპარლამენტო თანამშრომლობის“ გასაღრმავებლად.
netgazeti