“საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატებში კვლავ ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება”, – ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კვლავ არსებობს სადავო საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.
„ამ საკითხს ყოველთვის ვაყენებთ, რადგან არსებობს სადავო მონაკვეთები. ქართული მხარე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გარკვეული მიწის ნაკვეთები ეკუთვნის მას, ხოლო ჩვენ, თავის მხრივ, პრეტენზიას გამოვთქვამთ საქართველოს პოლიციის საგუშაგოს ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსების გამო“, – განაცხადა მან.
კოჩიევის თქმით, აღნიშნული საკითხები მოითხოვს დელიმიტაციის პროცესის დაუყოვნებლივ დაწყებას და შემდგომ საზღვრის დემარკაციას.
„თუმცა, ქართული მხარე ამ საკითხში ჯერჯერობით თანამშრომლობაზე არ მოდის და აცხადებს, რომ ეს IPRM-ის ფორმატს არ ეხება“.
კოჩიევმა ამგვარ პოზიციას დაუსაბუთებელი უწოდა.
„იმ წესებიდან გამომდინარე, რომლებზეც საერთაშორისო შუამავლები საუბრობენ, თითოეულ მხარეს უფლება აქვს IPRM-ის შეხვედრებზე ნებისმიერი საკითხი დააყენოს და განიხილოს. რა თქმა უნდა, მეორე მხარეს შეუძლია არ უპასუხოს ან განაცხადოს, რომ საკითხი ფორმატს არ შეესაბამება. თუმცა ეს თემა ყოველ ჯერზე განიხილება როგორც ჟენევის დისკუსიების ფორმატში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში“, – განაცხადა კოჩიევმა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის განცხადებითვე, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ე.წ. საზღვრის გასწვრივ არსებული „სანიტარული ღობეების“ სიახლოვეს გადაადგილების შემთხვევები. კოჩიევის თქმით, ცხინვალი ასეთ ქმედებებს „სახელმწიფო საზღვრის დარღვევად“ მიიჩნევს და ამ პოზიციის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლებს განმარტებები მიაწოდა.
მისი თქმით, ბოლო შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პატრულების მხრიდან მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, რაც, მისი შეფასებით, „ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს“ იძლევა.
„ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა სამხრეთ ოსური მხარის არგუმენტები გაითვალისწინეს“, – განაცხადა კოჩიევმა.
მისივე თქმით, თუ მსგავსი ინციდენტები განმეორდება, ცხინვალი გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ მექანიზმს, მათ შორის „ცხელ ხაზს“, IPRM-ის შეხვედრებსა და ჟენევის დისკუსიებს.
ამასთან, კოჩიევის განცხადებით, წინა შეხვედრის შემდეგ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები ე.წ. სანიტარულ ღობეს მიუახლოვდნენ.
მისი განმარტებით, აღნიშნული ღობე უშუალოდ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე არ არის განთავსებული და მისგან 5-დან 50 მეტრამდე, ზოგ შემთხვევაში კი 100 მეტრზე მეტი მანძილით არის დაშორებული, რელიეფის მიხედვით. კოჩიევის მტკიცებით, ღობესთან მიახლოებაც კი „სახელმწიფო საზღვრის დარღვევად“ ითვლება. მისი თქმით, ცხინვალი ამ საკითხზე განმარტებით მუშაობას აგრძელებს და, როგორც წესი, ამის შემდეგ მსგავსი შემთხვევები აღარ მეორდება.
გარდა ამისა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის თქმით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა საქართველოს მხრიდან ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ფრენის შემთხვევაც.
„დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, თუმცა, სავარაუდოდ, ასეთი ფაქტები უფრო მეტია. სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭიროა ზუსტი მონაცემები – ფრენის მიმართულებისა და ჩვენი რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში შეღწევის სიღრმის შესახებ“, – განაცხადა მან.
კოჩიევმა ასევე ისაუბრა სოფელ წინაგარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც, მისი თქმით, მსუბუქმა პილოტირებულმა თვითმფრინავმა სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრაზეც იმსჯელეს, რადგან მანამდე „ცხელი ხაზი“ უკვე იყო გააქტიურებული.
კოჩიევის განცხადებით, ქართული მხარის ინფორმაციით, ინციდენტი განზრახ არ მომხდარა.
„ქართულმა მხარემ გვაცნობა, რომ თვითმფრინავის პილოტს დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც მან კურსი შეცვალა და რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დატოვა. შესაძლოა, ის კურსიდან იყო გადახვეული“, – განაცხადა მან.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·