დედაქალაქის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს იმავე შენობაში დაასრულებენ - გადაწყვეტილება მიიღო უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობის მინისტრები: განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, „შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“, რაც რამდენიმე კვირა გაგრძელდება.
„ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება“, - ამბობენ სამინისტროში.
სხდომას, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მინისტრებთან ერთად ესწრებოდნენ:
- პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი;
- თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე;
- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე;
- მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები