თბილისში 25 წლის ქალი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულ ლ. გ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღო.
მედიამ მათი ვინაობა გაარკვია: გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა ლუკა დარასელიაა, ხოლო დაკავებული ქალი – თეკლა გერსამია.
საქმროს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული თეკლა გერსამიას ახლობლები ambebi.ge-სთან საუბარში ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი მეორედ დაოჯახდა. მათი ინფორმაციით, მისი პირველი ქმარი ციხეშია.
„თეკლა „ტიკტოკერია“. ერთი შვილი ჰყავს, გოგონა. პირველი ქმარი ციხეშია… როგორც ვიცი, მას და ლუკას ბინა ნაქირავები ჰქონდათ“, – ამბობს დაკავებულის ახლობელი.
„ლუკა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელიდან იყო. თეკლა ერთი კვირის წინ დანიშნა, ერთად ცხოვრობდნენ თბილისში. არავინ არაფერი არ იცის. რაზე იკამათეს, რა მოხდა. ტრაგედია დატრიალდა. ერთი ის ვიცი – ისე უყვარდა ლუკას, რომ ცივ ნიავს არ აკარებდა თეკლას. დანარჩენი, იქ რა მოხდა, წარმოდგენა არ გვაქვს”, – ჰყვებიან ახლობლები.
ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ლუკა დარასელიამ სოციალურ ქსელ TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.