თბილისში საპროტესტო გამოსვლა გრძელდება

1 week ago 19

ე.წ. "აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად, პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს და მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ დაიძრნენ. მათ შეკრება საღამოს შვიდ საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ორგანიზებით დაიწყეს. იუსტიციის სახლისა და გმირთა მოედნის შემდეგ, ახლა, დემონსტრანტები კვლავ პარლამენტის შენობასთან ბრუნდებიან.

მათი მოთხოვნა დღესაც უცვლელია - მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვიოს.

“ჩვენ არ მივეკუთვნებით არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ჩვენი პარტიაა საქართველო”, - განაცხადა აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის ბირთვს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, როგორც თსუ-ს ლექტორმა, უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს.

ე.წ. "აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - "ხალხის ძალიდან“ და ერთმა - "ევროპელი სოციალისტებიდან“.

პირველი მოსმენით კანონპროექტის დამტკიცება 17 აპრილს, საღამოს შვიდი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა. ეს რიგით მესამე აქცია იყო ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. პირველი მასშტაბური პროტესტი პარლამენტთან იმ დროს გაიმართა, როცა კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.

სრულად წაკითხვა