წაკითხვა: 77
თბილისში ტრამვაის ხაზის აღდგენა იგეგმება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქალაქში პირველად აშენდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.
მერის თქმით, პროექტის მიზანია, ტრამვაის ახალი ხაზის საშუალებით დიდი დიღმის დასახლება თბილისის სხვადასხვა უბანთან უმოკლეს დროში დააკავშიროს.
„საქმე ეხება თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევაზე ტენდერი. გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი. დიდი დიღმის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით, საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შექმნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური არის ტრამვაი. იგი, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გამტარუნარიანია. იგი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და გრძელვადიან პერიოდში სხვა მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტის სახეობებს შორის გაცილებით ხარჯთეფექტურია“, – განაცხადა მერმა.
ტრამვაის ხაზი 7.5 კილონეტრი იქნება და 11 გაჩერებისგან შედგება.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს