თეთრ სახლთან დაახლოებული ექსპერტი ხსნის, რა უნდა გააკეთოს “ოცნებამ” იმისათვის, რომ ივანიშვილს სანქციები მოეხსნას

1 hour ago 2

თეთრ სახლთან დაახლოებული ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი, Heritage Foundation-ის წარმომადგენელი ჯეი კარაფანო Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში პასუხობს კითხვას, რა უნდა გააკეთოს “ქართულმა ოცნებამ” იმისათვის, რომ ვაშინგტონმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები მოუხსნას.

“ამისთვის საჭირო იქნება, რომ საქართველოს მთავრობა გამოვიდეს რეალური პაკეტით, რომელიც მაგიდაზე დადებს რეალურ შედეგებს. აი, რა იქნება საჭირო”, – ამბობს თეთრ სახლთან დაახლოებული კონსერვატორი ექსპერტი.

მისივე თქმით, აშშ არასოდეს მოხსნის სანქციებს მხოლოდ იმის დაპირებით, რომ “ოცნების” წარმომადგნლები უკეთესები იქნებიან, ან უბრალოდ იმიტომ, რომ ლამაზ წერილს გაუგზავნიან პრეზიდენტ ტრამპს.

“ბურთი [საქართველოს] მთავრობის მოედანზეა. ეს უნდა იყოს ინიციატივა თბილისიდან, რათა ეს საქმე წინ წავიდეს. შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ზუსტად ის, რაც ვფიქრობ, რომ უნდა გაეკეთებინათ — მათ გაგზავნეს სიგნალი, რომ ჩვენ მზად ვართ გავცდეთ საქართველოს იზოლაციას. და როგორც კი მოხვალთ და რაღაცას დადებთ მაგიდაზე… ეს არის ზუსტად იგივე მესიჯი, რაც მათ [ტრამპის ადმინისტრაციამ] მიაწოდეს სერბებს. სერბები მოქმედებენ ამის მიხედვით. საქართველოს მთავრობა – არა”, – თქვა მან.

მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს სურს უფრო სტაბილური რეგიონი, ამიტომ, მარკო რუბიოს კომენტარები ფაქტობრივი იყო.

“ანუ, ის არ იგონებს რაღაცებს. თუ მან თქვა, რომ ესაუბრა მთავრობას და გულწრფელი იყო მათთან და უთხრა, რომ გვსურს საკითხებზე მუშაობა, ესე იგი, ის ამას სერიოზულად ამბობდა. ჩემი გულწრფელი შეფასება ქართული პერსპექტივიდან არის ის, რომ ამ [საქართველოს] მთავრობას ძალიან სურს ჰქონდეს “ციხიდან უსასყიდლოდ გამოსვლის” ბარათი, რაც ნიშნავს შეერთებულ შტატებთან პარტნიორობას ისე, რომ თან შეეძლოთ აკეთონ ის, რაც სურთ. მაგრამ ეს უბრალოდ არ იმუშავებს. ურთიერთობის წინ წასაწევად ორივე მხარისგან დასჭირდებათ რეალური შედეგების დადება. პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] მხოლოდ შედეგით არის დაინტერესებული. მას არ აინტერესებს ლამაზი სიტყვები. თუ გსურთ ააშენოთ “ტრამპ ტაუერი”, კი ბატონო, ან დაარქვათ ქუჩას ტრამპის სახელი, ესეც მისაღებია, მაგრამ რაც მას რეალურად სურს არის: სად არის შედეგი? სად არის რეალური სარგებელი? ქართველებს მოუწევთ დასხდნენ და მაგიდაზე დადონ საკითხები, რომლებიც შეერთებული შტატების ორმხრივ ინტერესებში შედის, და მოიტანონ რეალური შედეგი. ისინი უბრალოდ ვერ მიაღწევენ იმას, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვას: „კარგი, საქართველო მშვენიერია“ და ამით დასრულდეს ყველაფერი”.

ანალიტიკოსმა უპასუხისმგებლო უწოდა ირაკლი კობახიძის რეაქცია აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებებზე და “ქართული მხარე გააკრიტიკა ჩინეთისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო.

“პირველ რიგში, ჩინელები არც ისე ძალიან არიან დაინტერესებულნი საქართველოთი. ისინი არ არიან დაინტერესებულნი დიდი ფულის ფლანგვით. და ისინი იქ მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ეს მარტივია. ეს იმას ჰგავს, რომ ქვეყნის სულს ყიდი არცთუ ისე ბევრ ფულზე, რათა სანაცვლოდ რეალურად არაფერი მიიღო. საბოლოო ჯამში, ჩინელები საქართველოსთვის არაფერს გააკეთებენ. მათ არ ჩაიგდეს თავი საფრთხეში რუსების გამო უკრაინის ომში. მათ არ ჩაიგდეს თავი საფრთხეში ირანელების გამო ირანის ომში. ისინი არავის გამო არ იგდებენ თავს საფრთხეში. ასე რომ, სანამ საქართველოში მარტივი ფული და მარტივი გავლენა იქნება, ჩინელები ყველგან იქნებიან ჩართული.

…ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გვაშფოთებს ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც აკონტროლებენ ან ფლობენ ჩინელები. ანუ, არავის ადარდებს, თუ ჩინური საქონელი მიედინება შუა დერეფანში, მაგრამ ჩვენ გვაშფოთებს ჩინეთის შესაძლებლობა, ფლობდეს და გავლენა მოახდინოს ინფრასტრუქტურაზე, იქნება ეს ციფრული თუ ფიზიკური ინფრასტრუქტურა, როგორიცაა პორტი. ჩვენ მოხარული ვართ, კონკურენცია გავუწიოთ ჩინელებს ყველა სახის საკითხში და მოხარული ვართ, როცა ხალხი ბიზნესს აკეთებს ჩინეთთან, მაგრამ აშშ-ის მიზანია არ გვქონდეს სტრატეგიული დამოკიდებულება ჩინეთზე. ვფიქრობთ, ეს სწორი სტრატეგიაა ჩვენთვის და, ვფიქრობთ, რომ ეს სწორი სტრატეგიაა ჩვენი პარტნიორებისთვის”, – თქვა მან.

სრულად წაკითხვა