თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წაუყენა ულტიმატუმი, 23 აპრილს, დღის ბოლომდე მიეღო სამშვიდობო წინადადება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი უარს იტყოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.
„არა დღევანდელი დღის ბოლომდე“, - უთხრა 23 აპრილს ლივიტმა ტელეკომპანია CNN-ს.
ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, პრეზიდენტის იმედგაცრუება იზრდება. ლივიტის თქმით, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებებზეა საუბარი, უკრაინის პრეზიდენტი „არასწორი მიმართულებით“ მიდის და ცდილობს ეს მოლაპარაკებები პრესაში გაარჩიოს, რაც აშშ-ის პრეზიდენტისთვის მიუღებელია.
„მისი(ტრამპის) მოთმინება იწურება“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
23 აპრილს, პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტი ზელენსკი დაადანაშაულა ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანებაში.
დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას აშშ-ის მხრიდან. პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ოკუპაციას იურიდიულად არასდროს აღიარებენ და ეს უკრაინის კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
23 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ ყირიმი რუსეთს უბრძოლველად გადასცა 11 წლის წინ, ზელენსკი არ უნდა ტრაბახობდეს, რომ უკრაინა ყირიმის ოკუპაციას იურიდიულად არ აღიარებს და მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან იომოს კიდევ სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე.