როგორც თავაძე აცხადებს, „თემურ ჩხეიძის შემოქმედებითი სახელოსნოს“ დახურვის გადაწყვეტილების მისაღებად უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა გამგეობაში შეიყვანა სამი ახალი წევრი.
„იმავე კრებაზე გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნეს გია ცქიტიშვილი, რომელმაც მოგვიანებით ყველანაირი განმარტების გარეშე, გვამცნო სახელოსნოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე. რექტორმა შალუტაშვილმა ხელი მოაწერა განცხადებას „თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის“ („თემურ ჩხეიძის სახელოსნოს“) დახურვის შესახებ“, - აცხადებს დათა თავაძე.
დამატებით, ცენტრი ავრცელებს განცხადებას და აღწერს, როგორ მივიდა პროცესი სახელოსნოს გაუქმებამდე:
- 19 თებერვალს კულტურის სამინისტრომ მოითხოვა ორგანიზაციის წესდება;
- 21 თებერვალს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა საჯარო რეესტრს გამგეობის სამი ახალი წევრის დამატების მოთხოვნით მიმართა;
- 28 თებერვალს რექტორმა მოიწვია გამგეობის სხდომა, „ამ პროცესების შესახებ „სახელოსნოს“ ადმინისტრაციამ შევიტყვეთ ამავე სხდომაზე“.
„ის ფაქტი, რომ ამ ყოველივეს არ ახლდა არანაირი დასაბუთება, არგუმენტაცია ან ახსნა-განმარტება, საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფალი შემოქმედებითი პროცესის წინააღმდეგაა მიმართული“, - წერია სახელოსნოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცენტრის გაუქმების შემდეგ 24 თანამშრომელთან ხელშეკრულებები შეწყდა.
„განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ეს ყველაფერი განხორციელდა მისი ყოფილი სტუდენტების ხელით“, - წერია განცხადებაში.
თეატრალურ უნივერსიტეტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ლიკვიდაციის პროცესი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო, უნივერსიტეტის სახელით განცხადება კი მოგვიანებით გაკეთდება.
თემურ ჩხეიძის სახელოსნო რეჟისორმა სიცოცხლეში თავადვე დააფუძნა. ცენტრი ნიჭიერ ახალგაზრდებს 2014 წლიდან რეჟისურის, დრამატურგიისა და თეატრმცოდნეობის მიმართულებით სწავლებას უფასოდ სთავაზობდა.