თინათინ მღვდლიაშვილი მიხა ხელაშვილზე

3 days ago 2

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრის, პოეტის მიხა ხელაშვილის შესახებ ძალიან საინტერესო ამბავს გვიზიარებს:

“დღეს 25 იანვარია, ქაქუცა ჩოლოყაშვილის  შეფიცულთა რაზმის წევრის, საქართველოს
ეროვნული გმირის (მე ასე ვთვლი!) და სახალხო პოეტის მიხა ხელაშვილის, დაბადებისა და მკვლელობის დღე!..დიახ, მიხა ხელაშვილი, 1925 წელს, საკუთარ დაბადების დღეს მოკლეს! ,,ლექსო, ამოგთქომ ოხერო”-ს ავტორს, იმ საბედისწერო, ბნელ ღამეს 25 წელი შეუსრულდა! მტერიც არ შეხვდა შესაფერისი მიხას,  – მეგობარმა, მეზობელმა, ძმადნაფიცმა, ღალატით, გამოასალმა სიცოცხლეს!..

1900 წლის 25 იანვარს, უკანა ფშავში, ტყიანი გორის თავზე მდებარე ულამაზეს სოფელ ახადში, დაიბადა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი, საქართველოს ეროვნული გმირი და სახალხო პოეტი, მიხა ხელაშვილი. ავად სახსენებელმა, უღმერთო ბოლშევიკებმა მიხა ხელაშვილს წაართვეს ეკლესიაში მსახურების უფლება… სამშობლოს სიყვარულის უფლება… მშობლიური სახლი, ლამაზი ცოლისა და ახალდაბადებული გოგონას, თამარის სიყვარულის უფლება…მიხა ხელაშვილს წაართვეს დედა – მოუკლეს და შარაგზაზე დაუგდეს მშობელი… და ბოლოს, წაართვეს სიცოცხლე – 1925 წლის 25 იანვარს, სოფელ ჩარგალში, მეგობრებს, ძმადნაფიცებს, ფიცვერცხლნაჭამებს მოაკვლევინეს იგი, შემდეგ, ნაღალატევი მიხას გვამი დუშეთის პოლიციის წინ დააგდეს და რომ არა მისი დის, სალომე ხელაშვილის განსაცვიფრებელი სიმამაცე, ალბათ, მისი საფლავიც არ გვექნებოდა…
მკვლელობის ღამეს მიხას 25 წელი შეუსრულდა. 2013 წლის 25 იანვარს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში მოვაწყვე მიხა ხელაშვილის ხსოვნის საღამო, რომელიც გარდაცვლილმა მეუფემ, მიტროპოლიტმა თადეოზმა (იორამაშვილი) აკურთხა. იმ დღეს პირველად შესრულდა ჩემ მიერ აღმოჩენილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის ჰიმნი “ვინა სთქვა საქართველოზე” (ამ დიდებული სიმღერის ნოტების მოძიების შემდეგ, დავუკავშირდი ლოტბარ მაია მიქაბერიძეს და ეს სასიხარულო ამბავი ვამცნე, ისტორიული ჰიმნის პირველი აკორდებიც ჩემ თვალწინ დაიბადა. ჰიმნი შეასრულა ფოლკლორულმა ანსამბლმა “საგალობელმა”. ლექსის ავტორი გახლავთ ვაჟა-ფშაველას ძმა, ბაჩანა რაზიკაშვილი).
დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სულიერო ძმავ, მიხა ხელაშვილო! შენ მძინარე დაგხვრიტეს!.. რას ვიზამთ, ასე სჩვევიათ სამშობლოს მოღალატე კაცუნებს, მაგრამ
“ლექსო, ამოგთქომ, ოხეროს” ავტორს, დრო რას მოგერევა?!. დიახ, შენ ყველაფერი წაგართვეს, მაგრამ ვერა და ვერ აგყარეს ღირსება, ვაჟკაცობა, ქართველობა და დიდი ქართველი პოეტის სახელი და დიდება!.. ღმერთმა გაცხონოს საქართვერლოს თავისუფლებისათვის მებრძოლო, ქრისტეს მხედარო!.. ეჰ, “მტერიც არ შაგხვდა მტრისფერი”, მიხავ!.. ეს სვეგამწყრალი წუთისოფელიც კვლავ ბინდისფერია, არაფერი შეცვლილა, ძმაო!

წყვილი არ მყავდა, დავწყვილდი…

ვაჟას, ბაჩანას და მიხა ხელაშვილს

რა დიდად ამაღლებულხართ, ძმებო, სადარნო არწივთა,
ფშავში ნაჟური ლექსები უბეში შვიდგზის მაწვიმდა.
ეგ ნაომარი ბარტყები, ბუდიდან არა გცვივათო,
დაძაგრული აქვთ ძარღვები, არც შიათ, არცა სცივათო.
მზეს ეცეკვება მზეთამზე, ღრუბლის ფთილები არ სჩანან…
რა დაგრჩენიათ მიწაზე: ვაჟავ, მიხავ და ბაჩანავ?..
თქვენგან ცარგვალი მაშორებს, სიმაღლე ჩარგლის მთებისა…
კაცის სისინი მაშფოთებს და არა ასპიტ-გველისა!..
მოგიკითხეთ და წავედი, არ გავიკარე არავინ…
არაგვს ხელკავი გამოვდე და გავიყოლე არაგვი.
წყვილი არ მყავდა, დავწყვილდი, ვიპოვე ღამის სათევი,
არაგვო, შენი სწორი ვარ და სადედოფლოდ საფერი.
გზად ბებრის ციხე შემომხვდა,- დგას სალ კლდეებზე ურხევლად,
თავი მორჩილად დავხარე, მეუფემ მომცა კურთხევა.
პირჯვარი გარდავისახე, მივიღე უფლის წყალობა,
მეჯვარედ მუხა გამომყვა არაგველების წყაროდან.”

სრულად წაკითხვა