დაუჯერეთ ნათია ფანჯიკიძეს

1 day ago 1

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თითოეულ ადამიანს ურჩევს კარგად გაიაზროს, თუ რამდენი სიამოვნების წყაროა მისი სხეული:

“ძალიან მინდა, კარგად გაიაზროთ, რამდენი სიამოვნების წყაროა თქვენი სხეული, რეალურად რამდენ ბედნიერებას განიჭებთ და რამხელა სამსახურს გიწევთ მისი თითოეული ნაკვთი.

წარმოიდგინეთ, დირექტორი რომ იყოთ და რომელიმე თქვენს თანამშრომელს უშნოს, მსუქანს, მოგრეხილს ეძახდეთ, რა გულით გემსახურებათ? ხოდა, რა გინდათ თქვენი საყვარელი მოკლე თუ პუტკუნა, მოგრეხილი თუ სწორი ფეხებისგან? ხომ დაგატარებთ აღმა-დაღმა, მიგარბენინებთ კიდეც, საფრთხე თუ შენიშნა. რას ერჩით ცხვირს, იქნებ ის დააშავა, მთელი სამყაროს სურნელი რომ შეგაგრძნობინათ? ხელების, ამ უჭკვიანესი წყვილის უკმაყოფილო იქნება სამართლიანი ადამიანი? ან რას იცრემლებთ თვალებს ფერადი ლინზებით, რა მნიშვნელობა აქვს ფერს, ის ხომ შრომობს? აღარ იცის, საით მიგახედოთ, რა დაგანახოთ, რა აღგაქმევინოთ. დაცქვეტილი ყურები არ მოგწონთ? ერთი წუთით წარმოიდგინეთ, სმენა რომ დაგიქვეითდეთ, როგორ დაგწყდებათ გული იმაზე, რისთვისაც დღეს მადლობას არ იხდით.

მიუხედავად იმისა, რომ ვერ გრძნობთ მის მიმართ ყოველწამიერ მადლიერებას, ისე მაინც აღიარეთ – თქვენი სხეული, თუ ის ტკივილს არ გგვრით, სამოთხეა. თქვენი სხეული ულამაზესია. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სილამაზის გამოგონილ სტანდარტებს. სტანდარტები სტანდარტული ხალხისთვისაა, მთლად რომ არ დაიბნნენ ცხოვრებაში.

სინამდვილეში ნებისმიერი ფორმა სამყაროში იმსახურებს აღტაცებას. მთავარია, თქვენი ჰარმონიული კავშირი იგრძნობოდეს თქვენს “არქიტექტურასთან”, მაშინ ყველაფერი მშვენიერი და სულიერი ხდება, სავსე აურით, დადებითი ენერგეტიკით. თქვენს სიმყუდროვეს შემდეგ ნებისმიერი სხვა შეაფარებს თავს სიამოვნებით.”

სრულად წაკითხვა