თურქეთის განცხადებით, ერდოანმა და ტრამპმა განიხილეს უკრაინის, სირიის, თავდაცვის საკითხები

2 hours ago 2

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, განხილულ იქნა უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევისა და სირიაში სტაბილურობის აღდგენის საკითხები - იუწყება ერდოანის ოფისი 16 მარტს, ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო როიტერსი.

განცხადების თანახმად, ერდოანმა ტრამპს უთხრა, რომ თურქეთი მხარს უჭერს მის "გადამწყვეტ და პირდაპირ ინიციატივებს" ომის დასასრულებლად რუსეთსა და უკრაინას შორის და რომ თურქეთი კვლავაც ესწრაფვის "სამართლიან და მდგრად მშვიდობას".

ერდოანმა ასევე ისაუბრა "სირიისთვის სანქციების მოხსნაში ერთობლივი წვლილის მნიშვნელობაზე, სტაბილურობის აღსადგენად, ახალი ადმინისტრაციის ფუნქციურობის მისაღწევად და ნორმალიზაციის მხარდასაჭერად" - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ეს სირიელებს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

თურქეთი აშშ-სგან მოელის ტერორიზმთან ბრძოლის ნაბიჯებს, თურქეთის ინტერესების გათვალისწინებით - ნათქვამია განცხადებაში.

სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში აშშ არის მოკავშირე სირიის ქურთთა ძალებისა, რომლებსაც თურქეთი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს. თურქეთი მწვავედ აკრიტიკებდა აშშ-ის ამ პოზიციას და ამას უწოდებდა ნატოელი მოკავშირის ღალატს.

სრულად წაკითხვა