იემენში მოქმედმა, ჰუთების მეამბოხეთა დაჯგუფებამ კონტროლი დაამყარა ისტორიულ ქალაქ მოხაზე, განაცხადა სამთავრობო სამხედრო ოთხმა წყარომ. ეს არის სტრატეგიული გარდატეხა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბაბ-ელ-მანდების სრუტეს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო-სავაჭრო გზას.
ჰუთებს, რომელიც ირანის მოკავშირეა და მისი მხარდაჭერით მოქმედებდა, და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები ბოლო დღეებში ინტენსიური გახდა.
იემენის მთავრობას ზურგს უმაგრებს საუდის არაბეთი. ამასთან, მეამბოხე ჯგუფი ცდილობს იემენის სანაპირო ზოლზე კონტროლის დამყარებას - არა მხოლოდ ჩრდილოეთზე. Reutersის თანახმად, ეს მათთვის უკეთესი პოზიციაა საზღვაო ვაჭრობის შეფერხების თვალსაზრისით.
დაჯგუფებამ წამოიწყო თავდასხმები წითელი ზღვის სტრატეგიულ ჰანიშის კუნძულებზე, რამაც აიძულა სამთავრობო ძალები და მათ მოკავშირეები სამხრეთით, დუბაბისკენ უკან დაეხიათ. დუბაბი უშუალოდ სრუტეზე მდებარეობს, პერიმის კუნძულის პირისპირ, განუცხადეს იემენელმა წყაროებმა „ Reuters “ ხუთშაბათს.
მათი თქმით, დუბაბსა და ხსენებულ კუნძულზე კონტროლი გადამწყვეტია სრუტეზე ხელის ჩასაგდებად.
საუდის არაბეთის იემენელ მოკავშირეებსა — საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობასა — და ჰუსიტებს შორის საბრძოლო მოქმედებების ესკალაციამ ირანის კონფლიქტში ომის მეორე სცენა შექმნა, რაც საფრთხეს უქმნის ენერგორესურსებისა და საქონლის გლობალურ მიწოდებას.
Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასები ხუთშაბათს ბარელზე 100 დოლარზე მაღალ ნიშნულზე მერყეობდა, რადგან მომარაგება როგორც ჰორმუზის სრუტის, ისე წითელ ზღვის გავლით, სერიოზულად შეფერხდა.
ჰორმუზის სრუტისთვის გვერდის ავლის მიზნით, საუდის არაბეთი დღეში მილიონობით ბარელ ნავთობს ტვირთავს თავისი იანბუს ნავსადგურიდან, რომელიც უფრო ჩრდილოეთით, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.
ჰუთების მიერ ბაბ-ელ-მანდების სრუტის გაკონტროლება ქმნის საფრთხეს, რომ კიდევ უფრო შეფერხდეს სამეფოს მიერ აზიისთვის ნავთობის მიწოდება. მეამბოხე ჯგუფმა უკვე გამოაცხადა საზღვაო ბლოკადა საუდის არაბეთის — მსოფლიოში ნავთობის უდიდესი ექსპორტიორის — წინააღმდეგ.
ბაბ-ელ-მანდები, (არაბ. ცრემლების კარიბჭე), რომელსაც სახელი სანავიგაციო სახიფათო პირობების გამო ეწოდა, წარმოადგენს წითელი ზღვის სამხრეთ გასასვლელს, რომელიც მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე იემენსა და აფრიკის სანაპიროზე მდებარე ჯიბუტისა და ერიტრეას შორის. ეს მას უდიდეს ნადავლად აქცევს ჰუთებისთვის, რომლებიც აკონტროლებენ იემენის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონებსა და ჩრდილოეთის უმეტეს ნაწილს.
ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტი სპარსეთის ყურის ნედლი ნავთობისა და საწვავისთვის, რომელიც ხმელთაშუა ზღვისკენ მიემართება სუეცის არხის ან ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროზე არსებული სუეც-ხმელთაშუა ზღვის ნავთობსადენის გავლით, ისევე როგორც აზიისკენ მიმავალი პროდუქტის - რუსული ნავთობის ჩათვლით.
ჰუთებმა ხელში ჩაიგდეს იემენის დედაქალაქი სანა 2014 წელს და საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა სამხრეთით, ადენისკენ განდევნეს.
ირანის მხარდაჭერით, დაჯგუფების ლიდერმა, აბდულ-მალიქ ალ-ჰუსიმ, მთიელი მებრძოლების თავისი ფრაქცია ათობით ათასიან ძალად აქცია.
radiotavisupleba ახალი ამბები