ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად ფულის გათეთრების საქმეზე ხუთწლიან სასჯელს იხდის, მიანიშნა, რომ მან „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ წერილი მიიღო, სადაც ახალ კორუფციულ საქმეზე აღიარებას ან დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას სთხოვენ.
17 აგვისტოს ღარიბაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ატვირთულია დაბეჭდილი, ხელმოუწერელი წერილის ფოტო, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, მას „ივანიშვილის დავალებით“ გაეგზავნა და რომელიც კორუფციული ბრალდებების შესახებ აფრთხილებს. წერილის თანახმად, ინტენსიური მუშაობა მიდის „რამდენიმე საქმეზე“, რომელიც, სავარაუდოდ, ირმა ინაშვილისა და დიტო ჩუბინიძის მსგავსი „მხარდამჭერების“ ქმედებებს და სოციალური მედიის კამპანიებს უკავშირდება.
„დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს“, – ნათქვამია წერილში, რომლის ავტორიც უცნობია. „ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლებიც სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები“.
შემდეგ წერილი ღარიბაშვილს მოქმედების ორ ალტერნატიულ გზას სთავაზობს: ან გააგრძელოს დავა სასამართლოს გზით, ან მიიღონ ის, რასაც ისინი თავად სთავაზობენ როგორც „კომპრომისულ გამოსავალს“: აღიაროს ბრალი ერთ-ერთ საქმეზე და მიიღოს კიდევ ერთი ხუთწლიანი სასჯელი ახალი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე.
ამ შემთხვევაში, წერილის თანახმად, ახალი ხუთწლიანი სასჯელი შთანთქავს პირველ, მსგავს სასჯელს, რომელსაც ღარიბაშვილი უკვე იხდის და რომელიც ასევე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დაეკისრა.
მეორე გზა ასევე გულისხმობს, რომ იგი გათავისუფლების შემდეგ „პოლიტიკას არ უნდა გაეკაროს“ და რომ ბრალდების აღიარება იმის გარანტია იქნება, რომ ღარიბაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებაზე აღარ იფიქროს.
წერილის კომენტირებისას, ღარიბაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა: „მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას!“
მისი თქმით, იგი ხვალ ვრცელ წერილს გაავრცელებს და საზოგადოებას სიმართლეს ეტყვის. „დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხუსმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
This post is also available in:
civil ახალი ამბები