WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართულ ოცნებას“ შორსმიმავალი მიზნები აქვს, როდესაც საკუთარ ხალხს ფაქტობრივად რუსოფობიას აბრალებს“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ იურისტი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე „ქართულმა ოცნებამ“ რუსულ პროპაგანდისტულ სტილში გაააქტიურა კამპანია საქართველოში „რუსოფობიის“ შესახებ და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და რუსეთის უკრაინაში შეჭრასაც აპროტესტებენ, „რუსოფობებად“ მოიხსენიებს.

რატომ იყენებს „ოცნება“ ტერმინ „რუსოფობიას“ აგვისტოს ომის კვირეულში

ამასთან, ე.წ. რუსოფობიის შემთხვევების გამოძიება და პასუხისმგებელთა დასჯა მოითხოვა ცოტა ხნის წინ მოსკოვმა. შავგულიძე დარწმუნებულია, რომ რუსოფობიის შესახებ მოსკოვის ნარატივს „ოცნება“ არა რუსი ტურისტების შენარჩუნების ან სხვა მიზნით, არამედ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით იმეორებს. 

— მართალია, ირაკლი კობახიძეს და მისი მიყოლით „ქართული ოცნების“ სხვა მოლაპარაკე თავებს პირდაპირ არ უთქვამთ, რომ ქართველი ხალხი რუსოფობიით შეპყრობილია, მაგრამ ეს ხანგრძლივი და თანმიმდევრული კამპანია იმის შესახებ, რომ „Deep State“ ქართველ ხალხს თავს ახვევს რუსოფობიას, თანდათანობით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ აღიქმება, თითქოს ქართულ საზოგადოებაში დგას რუსოფობიის პრობლემა. და ვის აძლევს ეს ხელს? — მხოლოდ რუსეთს. სწორედ რუსეთი აწარმოებს კამპანიებს სხვადასხვა ქვეყნებში ვითომდა რუსოფობიის არსებობის შესახებ და შემდეგ რუსი ხალხის ინტერესების დაცვის საბაბით ცდილობს, გაამართლოს საკუთარი იმპერიალისტური პოლიტიკა.

ჩვენი ხელისუფლების მიერ ხდება კრემლიდან წამოსული გზავნილის გამეორება. ერთი მხრივ, ეს არის რუსული აგრესიის გამართლება და მეორე მხრივ, ქართული საზოგადოებისათვის ასეთი ახსნის შეთავაზება, რომ ჩვენს თავს ხომ არ უნდა დავაბრალოთ რუსული აგრესია და ტერიტორიების ოკუპაცია, ხომ არ გვეკუთვნოდა ეს სასჯელი?

სინამდვილეში, რუსოფობიის ბრალდება აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველოს ხელისუფლება ახლა გეორგიევსკის ტრაქტატის პოპულარიზაციასაც ცდილობს. ჯერ ერთი, ის ტრაქტატი ქართლ-კახეთის სამეფოსთან დაიდო და არა მთლიანად საქართველოსთან, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ტრაქტატში არ ყოფილა ჩადებული, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა უნდა გაუქმებულიყო და ორ გუბერნიად შეერთებოდა რუსეთის იმპერიას. იმის შემდეგ კიდევ შევძელით სახელმწიფოებრიობის აღდგენა მაშინ, როდესაც მეფის რუსეთის იმპერია დაინგრა და სამი წელიც არ დაგვაცალეს დამოუკიდებლობა, ისევ დაგვიპყრეს.  თუკი რაიმე პრობლემა იქნებოდა — ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, ქართულ ენასთან ბრძოლა — ყველაფერი გამოვიარეთ. ამდენი ბოროტების მიუხედავად, ქართულ საზოგადოებას ზოგადად რუსოფობია, ანუ ანტირუსობა არ დასჩემებია.

ქართული საზოგადოების პროტესტი არის ჯანსაღი. ეს არის ანტისაოკუპაციო პროტესტი და არა რუსოფობია.  რუსოფობიის დაბრალება არის რუსეთის ინტერესებში, რომ ქართული საზოგადოება შეეგუოს ოკუპაციას და საკუთარი თავი დაადანაშაულოს მოგონილი საბაბით, რომ ჩვენ რომ შევიძულეთ რუსი ხალხი, მათ თავი დაიცვეს და თითქოს ამიტომ დავისაჯეთ.

— რუსეთის ამ ინტერესს რატომ შეიძლება ატარებდეს „ქართული ოცნება“ — ეს შეიძლება იყოს პირდაპირი დავალება, უბრალოდ ტურისტების დაკარგვის შიში თუ რა მიზეზია?

— ეს ყველაფერი მეორადია. პირველადი არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესები. ცხადია, რომ ამ ადამიანს იმთავითვე ჰქონდა ეს დავალება. ბიძინა ივანიშვილს აქვს ვალდებულებები რუსეთის წინაშე — იმ ქვეყნის წინაშე, სადაც ამხელა ფული იშოვა და ამ ფულის ხელის მოკიდებასთან ერთად, როგორც ჩანს აიღო ვალდებულებებიც, რომელთა სამსახურს ის თავს ვერ არიდებს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთს, შეუძლია მკაცრი სასჯელი გამოუტანოს.

ივანიშვილი თავიდანვე რუსული დროშით ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა, ამიტომ დასავლური პოლიტიკური ძალები ფასადად აიფარა, მოვიდა ხელისუფლებაში და შემდეგ დაიწყო ამ ხელისუფლების თანდათან გამოშიგვნა. ვისთან კომუნიკაციაშიც ხვდებოდა, რომ რუსეთისთვის ამ ქვეყნის გადასაბარებლად მზად არ იყო, იმათ ნელ-ნელა დევნიდა პოლიტიკიდან. საბოლოოდ, ამ ნეგატიური სელექციის შედეგად მიიღო ის, რომ სრული კონტროლი აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე; ღვთის მადლით, ჯერ ბოლომდე არა, მაგრამ დიდწილად აკონტროლებს ქართულ მედიასაშუალებებს და შესაძლებლობა აქვს, ძლიერი პრორუსული აგიტაცია აწარმოოს; და ვხედავთ, როგორ ცდილობდა და დღემდე ცდილობს, რომ სრული კონტროლი ჰქონდეს ეკლესიაზეც, რათა ეკლესიის მეშვეობით ელექტორალური უპირატესობა მოიპოვოს.

ეს არის რუსეთის კარის წინაშე ბიძინა ივანიშვილის ვალდებულებების სამსახური და ის თავისი ვალის მომსახურებას ავალებს საქართველოს. სამწუხაროდ, საქართველოში გამოინახა (და ყოველთვის საკმარისად იყვნენ ასეთები) ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ემსახურონ ივანიშვილის ვალდებულებებს რუსეთის კარის წინაშე, ოღონდ პირადი გამორჩენა და მატერიალური სიკეთე მიიღონ სანაცვლოდ.

დანარჩენი ყველაფერი მეორადია. ის, რომ რუს ტურისტებზე უნდა იყოს გათვლა — ესეც პრორუსული პოლიტიკაა. რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების ზრდაც პრორუსული პოლიტიკაა. მესიჯებს და ინსტრუქციებს რუსული მხარე უხვად აწვდის ქართულ ხელისუფლებას და ისინიც მორჩილად კი არა, უკვე სამწუხაროდ სიხარულით ასრულებენ — ემსახურებიან ოკუპანტ, მტერ სახელმწიფოს და უთმობენ საკუთარ ქვეყანას პირადი მატერიალური გამორჩენისთვის.

მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ვერ გაიტანენ, იმიტომ რომ შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ერთი ადამიანის და მის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანთა რაღაც ჯგუფის ინტერესებს მოხმარდეს მთელი ქვეყნის და ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები. თან ძალიან დიდი უსამართლობაა ამხელა ფასის გადახდის შემდეგ… თუნდაც ბოლო 30-35 წელია, რა ფასი აქვს გადახდილი ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რომ ამ უპერსპექტივო, იმპერიულ რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეს მოსწყდეს და დასავლური, ჭეშმარიტი ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი გახდეს? ეს ფასი იყო ორი ომი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, დროებითი მაგრამ მარცხი რუსეთის იმპერიის წინაშე ამ ომებში, ამხელა ადამიანური მსხვერპლი, ამხელა ადამიანური ტრაგედიები, დაკარგული ტერიტორიები, დევნილობა… ამდენი ადამიანური ტრაგედია და ადამიანის სიცოცხლის ფასია გადახდილი და თავს უფლებას აძლევენ და ამ ქვეყანას ფაქტობრივად ეუბნებიან: იცით რა, თქვენ კი გაიღეთ დიდი მსხვერპლი დამოუკიდებლობისთვის, ცივილიზაციის ნაწილად ყოფნისთვის, მაგრამ რა ვქნათ ახლა, ყველაფერი გადაყარეთ წყალში და ბიძინა ივანიშვილის ვალდებულებებს და ასევე ჩვენ პატარა მატერიალურ სურვილების სამსახურში უკან დააბრუნეთ ეს ქვეყანა რუსეთში. როგორ უნდა აძლევდე თავს ამის უფლებას, ეს ყველანაირი ადამიანურობის მიღმაა.

— თქვენ თქვით, რომ ბიძინა ივანიშვილს იმთავითვე ჰქონდა ვალდებულებები. გულისხმობთ, როდესაც პოლიტიკაში მოდიოდა მაშინ?

— რა თქმა უნდა. ის ვითომ ქველმოქმედებაც, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა, პოლიტიკური მიზნებისთვის იყო. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ რუსული პოლიტიკური ფული იხარჯებოდა. მას უნდოდა, რაღაც ავტორიტეტი შეექმნა, ელექტორალური მხარდაჭერა მოეპოვებინა და მატერიალურადაც მიება მის ინტერესებზე ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესები. რაში გამოიხატებოდა მისი ქველმოქმედება? — ქართული ეკონომიკა დააყენა ფეხზე? რომელიმე დარგი წამოსწია? ქართველ სტუდენტებს აფინანსებდა საზღვარგარეთ სწავლაში, რომ მერე უკან დაბრუნებულიყვნენ დასავლური განათლებით? არა — პენსიებს უნიშნავდა გაღარიბებული მეცნიერების რაღაც ნაწილს და ხელოვნების მუშაკებს და ყიდულობდა მათ კეთილგანწყობას. რამდენიმე ეკლესია შეაკეთა ისიც იმიტომ, რომ ეკლესიაზე გავლენა ყოფილიყო და რახან ეკლესია გავლენიანია ქართულ საზოგადოებაზე, საზოგადოების ეკლესიური ნაწილის კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ეს იყო მთელი მისი ქველმოქმედება, თორემ არავითარი ქვეყნის ფეხზე დაყენების მიზანი მის ქველმოქმედებას არ ჰქონია.

თავიდანვე ამ მიზნით იყო ბიძინა ივანიშვილი აქ გამოგზავნილი. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციამ შეძლო  და ასეთი სპეცოპერაცია ჩაატარა საქართველოში. მე თავად გახლდით სააკაშვილის ხელისუფლების ოპონენტი წლების მანძილზე და 2012 წელს „ქართული ოცნების“ კოალიციის შემადგენლობით გავხდი პარლამენტის წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი. მაგრამ იმ შესაძლებლობაში, რომ რუსეთს შესძლებოდა ივანიშვილის სახით ესე იგი ეს დესანტი შემოეპარებინა ქართულ პოლიტიკაში, დიდი დანაშაული მიუძღვის სააკაშვილის ხელისუფლებას. ხელისუფლება საკუთარი ხალხის და საზოგადოების წინაშე ძალმომრეობაზე იმდენად გადავიდა, იმდენად გაუსაძლისი გახდა ის რეჟიმი, პოლიტიკური ცვლილების ყველანაირი შესაძლებლობა მოისპო, რომ როგორც კი გამოჩნდა რაღაც რესურსი, რომელიც დასავლურ დემოკრატიულ ოპოზიციას შეეძლო გამოეყენებინა, უკვე აღარავინ ფიქრობდა სხვა რამეზე, ოღონდ მოეშორებინა ის რეჟიმი, რომელიც უკვე ქუჩაში ხალხს ხოცავდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ იქამდე მიიყვანა ქვეყანა, რომ მათი სახით  საზოგადოებაში უკვე დასავლური კურსის დისკრედიტაცია ხდებოდა. ეს ძალიან კარგად გამოიყენა რუსეთმა და სამწუხაროდ, ბევრი აღარ გვიფიქრია, როცა სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხების მატერიალური და ორგანიზაციული შესაძლებლობა გამოჩნდა, ქართულმა საზოგადოებამ გამოიყენა, მაგრამ, სამწუხაროდ, მივიღეთ რუსული დესანტი ქართულ პოლიტიკაში.

— როგორც ახსენეთ, რომ თქვენც იყავით მაშინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში. თავდაპირველად არ ჩანდა ივანიშვილის ეს რუსული ინტერესი? ბევრი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გააკეთა ცალსახა არჩევანი. თქვენი აზრით, თავიდანვე რუსული პროექტი იყო?

— რა თქმა უნდა, იმთავითვე!

პირადად ჩემთვის ეს ნათელი გახდა ორი წელი პარლამენტში ყოფნის შემდეგ. ვხედავდი, თუ რომელ პროგრესულ კანონპროექტებს არ უჭერდა მხარს ივანიშვილი და მისი გუნდი, იგივე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით, ე.წ. მოსმენების კანონს… ამ კანონებზე როდესაც ვმუშაობდით (ეს იყო ჩემი სფერო, რადგან პროფესიით იურისტი გახლავართ), ვხედავდი, რა ტენდენციები იყო, რას გვთავაზობდა ხელისუფლება. რასაც ივანიშვილი უჭერდა მხარს, ის კანონპროექტი შემოდიოდა მთავრობისგან და იღებდა პარლამენტი. ორი წლის განმავლობაში უბრალოდ ვხედავდი, რომ თან ვიყავი მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და თან ალტერნატიულ კანონპროექტებს ვწერდი და აქტიურ ოპონირებას ვეწეოდი. რაღაც შემთხვევაში რაღაცას ვახერხებდი და გამქონდა, რაღაც შემთხვევაში — ვერა, მაგრამ საბოლოოდ უკვე დავინახე, რომ ვერ ვახერხებდი წინააღმდეგობის გაწევას და 2014 წლის ნოემბერში დავტოვე „ქართული ოცნება“.

ორი წელი ჩემთვის საკმარისი გახდა, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ჩვენ არ ვაშენებთ დასავლური ტიპის, ინსტიტუციურ მმართველობაზე დამყარებულ ქვეყანას, არამედ რაღაც ავტოკრატიულ დიქტატურას ვამყარებთ, რომელსაც არანაირად ექნება ადგილი დასავლური ცივილიზაციის ქვეყნების თანამეგობრობაში. ამაზე მქონდა საუბრები მაშინდელი გუნდის წევრებთანაც, ივანიშვილთანაც, მაგრამ როდესაც დავინახე, რომ მყარად დგას ეს ადამიანი და მისგან გამომდინარე ეს პოლიტიკური ძალა პრორუსულ, რუსულ რელსებზე და არა დასავლეთისკენ მიმავალ რელსებზე, დავტოვე „ქართული ოცნება“ და წამოვედი ოპოზიციაში.

უბრალოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ უკვე შეუძლებელი გახადა [რუსული პოლიტიკის]  დაფარვა, იმიტომ რომ, საჭირო გახდა პოზიციის გამოხატვა, რას უჭერდი მხარს: უკრაინის დამოუკიდებლობას თუ ამართლებდი რუსეთის იმპერიულ ზრახვებს. უკვე ვეღარ შეიფუთა ის, რაც მანამდე იმალებოდა და ბევრისთვისაც ნათელი გახდა, თორემ ვიმეორებ, ამ კურსზე თავიდანვე იდგა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.

— ქართულ საზოგადოებას რა შეუძლია ახლა, დარჩა კი რესურსი, რომ რომ შეაჩეროს ქვეყნის ბოლომდე რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება? 

— რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. იმიტომ, რომ შეუძლებელია ერთი კაცის და მის ირგვლივ შემოკრებილი რაღაც რაოდენობის ადამიანების ინტერესმა გადაძლიოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები. რთული კითხვაა, რომ მე ახლა შევძლო  კონკრეტული რეცეპტის თქმა. მაგრამ საიმედოა ის წინააღმდეგობა, რომელიც მუდმივად არსებობს — ნაღვერდალივით სულ არის. ეს არის, რომ ქართული საზოგადოება არ ეგუება, არ არის მისაღები მისთვის ეს და აუცილებლად გამოჩნდება, ჩამოიწრიტება და შეიქმნება ის პოლიტიკური ძალაც და ის პოლიტიკური სიტუაციაც, რომელსაც გამოიყენებს ქართული საზოგადოება და კიდევ ერთხელ შეძლებს ამ რუსული მარწუხებისგან თავის დაღწევას.