პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ გამოუგზავნეს წერილი, რომლითაც კორუფციასთან დაკავშირებული ამ დრომდე უცნობი ბრალდების „აღიარება“ შესთავაზეს.
„დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხუსმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“, - წერია ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა მის ოფიციალურ ფეისბუკზე და ასევე გამოაქვეყნა მისმა მეუღლემ, ნანუკა თამაზაშვილმა.
რადიო თავისუფლება ცდილობს ოჯახთან დაკავშირებას დეტალების გასარკვევად.
წერილი ღარიბაშვილს - „ივანიშვილის დავალებით“
ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის, ნანუკა თამაზაშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნდა წერილის ფოტო - წერილი ბეჭდურია და არა ხელნაწერი.
ღარიბაშვილის თანახმად, ეს წერილი „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ გაუგზავნეს.
ამ წერილში, - რომლის ავტორის ვინაობაც ცოლ-ქმარს არ დაუსახელებია, - ვკითხულობთ, რომ ღარიბაშვილს სწერენ:
- „ვითომ-მხარდამჭერებმა და სოციალურ ქსელებში ორგანიზებულმა კამპანიებმა სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს“;
- „ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები“, - წერია წერილში, - „ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ“.
„ვაღიაროთ“
აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის გამოქვეყნებული ამ წერილის ავტორი პირველ მრავლობით პირში წერს:
„მეორე ვარიანტი თვითონ შემოგთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი - ვაღიარით (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ.“, - წერია მასში.
ამ წერილის თანახმად, ღარიბაშვილს მეორე სცენარის შემთხვევაში სთავაზობენ „საპროცესო შეთანხმებას იგივე 5-წლიანი ვადით“:
„როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთის შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება“, - სწერს ექსპრემიერს ამ ეტაპისთვის გაურკვეველი პირი.
„გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, - ვკითხულობთ წერილში.
„სხვა გზა არ დამიტოვეს“ - ღარიბაშვილი
„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი და დასძენს:
„მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას. ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას, უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას“.
იგი პირობას დებს, რომ ხვალ - 18 აგვისტოს - გაავრცელებს ვრცელ წერილს და „საზოგადოებას ეტყვის თავის სიმართლეს“.
„დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხუსმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“, - აცხადებს იგი.
ინფორმაცია განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები