ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში საქართველომ საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების სახით 350.05 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით მეტია.
აშშ და ევროკავშირი კვლავ სიის სათავეში არიან და მათი ჯამური წილი 63%-ია (220.84 მილიონი აშშ დოლარი).
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან გზავნილების ჯამურმა ღირებულებამ 153.07 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველა გზავნილის 43.7%-ს შეადგენს და 2025 წლის ივნისთან შედარებით 2.4%-იანი ზრდაა.
ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ხუთი ძირითადი წყარო იყო: შეერთებული შტატები (67.77 მილიონი აშშ დოლარი; 19.3%); იტალია (55.93 მილიონი აშშ დოლარი; 15.9%); რუსეთის ფედერაცია (42.02 მილიონი აშშ დოლარი; 12%); გერმანია (31.72 მილიონი აშშ დოლარი; 9%) და ისრაელი (29.28 მილიონი აშშ დოლარი; 8.3%).
ტაჯიკეთიდან ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა (82.4%) და 1.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. შემდეგ მოდის ლიბანი 71.3%-იანი ზრდით 1.36 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო უზბეკეთიდან გზავნილები 25.9%-ით, 1.47 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. გზავნილები ისრაელიდან და ბელარუსიდან, შესაბამისად, 21.6%-ითა და 18.8%-ით გაიზარდა.
ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ყირგიზეთიდან – 27.65%-ით 8.17 მილიონ აშშ დოლარამდე. შემდეგ მოდის სლოვაკეთი 17.1%-იანი კლებით 1.12 მლნ აშშ დოლარამდე.
2026 წლის ივლისში საქართველოდან 39 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 4.7%-ით აღემატება 2025 წლის ივლისის მაჩვენებელს.
მსოფლიო ბანკის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში პირადი გზავნილები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 11.9%-ს შეადგენს.
This post is also available in:
civil ახალი ამბები