მსახიობმა იზა გიგოშვილმა საოცარი წერილი მისწერა ეროსი მანჯგალაძეს, რომელიც 1989 წლის 30 აპრილს არის დაწერილი:
“ეროსის (აწ გარდაცვლილს)
ჩვენო ეროსი! აღდგომა ღამეა, ორშაბათი თენდება.
9 აპრილის მერე ერთი ღამე არ მიძინია. დღეს 30 აპრილს, მე ერთი წუთითაც არ შევცდები, რომ დღეს შენი სული მფარველად აპრილის დღეებში, ვიტყვი რომ ჩვენთან იყო. სული-მეთქი ვამბობ და გული ჩამწყდა.
ჩვენ გვჯერა, რომ შენ პირველი იქნებოდი ერთან.
ჩემო დიდო მეგობარო, მახსენდება “ხიდი” – შენი სიტყვები, როცა ჩემი გმირი ნატო მიაღწევდა უდანაშაულო კაცის განთავისუფლებას, – ამბობდი, – ჩემი დრო სხვა იყო, იცი, ბევრჯერ მინდოდა შევბრძოლებოდი ამ უსამართლობას, მაგრამ, არა, ვერ შევძელი… თქვენ შეძლებთ… ხოდა… აბა, ახლა შენ იცი… მიდი და მიაწექი ამ… – ჩემო ეროსი, მე შენი ქვეტექსტიც კარგად მესმოდა მაშინ, შენი სურვილისა, შენი სიწმინდისა და იმედისა.
ახლა მინდა გითხრა, შენმა ერმა, შენმა საყვარელმა ლამაზმა ხალხმა გაიღვიძა.
ღმერთს ვთხოვ და ეს შენი თხოვნაც იქნება:
– ღმერთო, არ დაშალო ამაღლებული სული დღევანდელი ქართველობისა, ჩვენი სიამაყისა და თავდადებისა, შეკავშირებისა და ერთგულებისა, მოყვასის დანახვისა და დაცვისა, გაჭირვებულთ გაგებისა და სულის ხსენებისა , ქართული სილამაზისა და ჯიშისა, სიყვარული მიწისა და თავისუფლებისა, ღმერთო!
1989 წელი, 30 აპრილი, აღდგომა, ღამის 4 საათი.”