
ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა. მამაკაცთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ეს გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სწორედ კოცოიევთან დამარცხდა ქართველი ფალავანი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ფინალურ შეხვედრაში და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ილია სულამანიძე ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონია – 2023 და 2024 წლებში, 2021 წელს კი ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დღევანდელი ოქრო ქართველი სპორტსმენის პირველი ოქროს მედალია დიდ საერთაშორისო ტურნირებზე.
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის პირველობაზე, შეჯიბრების მე-3 დღის ბოლოს საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 4 მედალია – 2 ოქრო და 2 ვერცხლი. ტურნირის პირველივე დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, მეორე დღეს ვერცხლის პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა, ვერცხლის მედალს დაეუფლა ტატო გრიგალაშვილიც (81 კგ).