„ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია 149 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს, ასევე, შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტისთვის“, - განაცხადა ლევან ზალკალიანმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.
მისი თქმით, არის „გარკვეული მუნიციპალიტეტები“, სადაც დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში“.
ზალკალიანის განცხადებითვე, დილიდან მუშაობს 148 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდდნენ ქალაქის, ასევე, სოფლამდე მისასვლელ გზებს.
საჩხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო 9 სოფელი „ჩაიკეტა“. ეს სოფლებია: ნიგვზარა, შომახეთი, ცხომარეთი, ბახიოთი, ცხამი, დურევი, ჭალოვანი, ლიჩი და ღოდორა.
„თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს“, - იუწყება მერია.
მათივე ინფორმაციით, სწავლა სკოლებსა და ბაღებში შეწყვეტილია 20 საჯარო სკოლაში, შემდეგ სოფლებში: არგვეთი, გამოღმა არგვეთი, გორისა, იტავაზა, ლიჩი, მერჯევი, მოხვა, მოძვი, მახათაური, ნიგვზარა, სარეკი, სისვაძეები, ქორეთი, შომახეთი, ჭალოვანი, ჯალაურთა, ცხომარეთი, საირხე, სავანე და ჭორვილა.
მერიის ცნობითვე, ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტში მხოლოდ 40 აბონენტს, ხოლო ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეფერხებულა.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება.
დროის გასვლასთან ერთად ვითარება მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.