იმერეთში ჩაკეტილია 149 სოფელი, 30 000-მდე აბონენტს დენი არ მიეწოდება — რწმუნებული

1 month ago 6

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანის განცხადებით, დიდთოვლობის გამო იმერეთის მუნიციპალიტეტის 150-მდე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია.

„დილიდან მუშაობს 148 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდდნენ როგორც ქალაქის, ასევე, სოფლამდე მისასვლელ გზებს. ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია 149 სოფელი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს, ასევე, შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტისთვის. არის გარკვეული მუნიციპალიტეტები, სადაც დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში“, — განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა „რუსთავი 2“-თან.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გურიაში, აჭარასა და იმერეთში. გართულებულია გზებზე გადაადგილება. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება დენი, ბუნებრივი აირი და წყალი. დაზიანდა და ჩამოინგრა სახლები, გარესამყაროსაა მოწყვეტილი და დახმარებას საჭიროებს არაერთი მოქალაქე.

დიდთოვლობას მოჰყვა მსხვერპლი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩამოინგრა და მამაკაცს ბეტონის ფილა დაეცა. ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში 25 თებერვლიდან თავდაცვის ძალები ჩაერთვნენ.

სრულად წაკითხვა