ინაუგურაციის წინ ბაიდენმა და ტრამპმა მხარდამჭრებს მიმართეს

3 hours ago 2

დონალდ ტრამპმა ათასობით მხურვალე მხარდამჭერს განუცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველივე დღეს მკაცრ საიმიგრაციო შეზღუდვებს შემოიღებს და პირობა დადო, რომ სწრაფად შეასრულებს თავის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას. ეს სიტყვები მან ინაუგურაციის წინა დღეს, 19 იანვარს, ვაშინგტონის ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ და საკონცერტო დარბაზში (Capital One Arena) გამართულ ყრილობაზე წარმოთქვა. ორიოდ საათში ამერიკის 45-ე პრეზიდენტი კვლავ ხელისუფლებაში ბრუნდება.

„ხვალ, მზის ჩასვლამდე, ჩვენ ქვეყანაში შემოჭრა დასრულდება” – განაცხადა ტრამპმა იმიგრაციასთან დაკავშირებით, რასაც დამსწრეთა ხმაურიანი აპლოდისმენტები მოჰყვა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა წინასაარჩევნო დაპირება, რომ განახორციელებს ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ დეპორტაციის ოპერაციას, რომელიც მილიონობით იმიგრანტს შეეხება. თუმცა, ექსპერტების აზრით, ასეთი მასშტაბის ოპერაციის განხორციელებას წლები და უზარმაზარი ფინანსური რესურსი დასჭირდება.

„ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური მოძრაობა ამერიკის ისტორიაში, და 75 დღის წინ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ გამარჯვებას, რაც კი როდესმე უნახავს ჩვენს ქვეყანას,“ – აღნიშნა მან და დასძინა: „ხვალიდან მე ვიმოქმედებ ისტორიული სიჩქარით და ძალით, რათა გადავჭრა ყველა კრიზისი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს.“

ღონისძიება იყო ტრამპის პირველი მასშტაბური გამოსვლა ვაშინგტონში 2021 წლის 6 იანვრის შემდეგ, როცა თეთრი სახლის წინ შეკრებილი მისი მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ტრამპმა თქვა, რომ შეიწყალებს 1,500-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ამ თავდასხმის საქმეში არიან გასამართლებული, ან ბრალდებული.

მან პირობა დადო, რომ „რადიკალურ იდეოლოგიებს“ ქვეყნის შეიარაღებული ძალებიდან გააქრობს და სამხედრო ძალებს უბრძანებს ამერიკის თავზე სარაკეტო თავდაცვის ფარის აშენებას. თუმცა, დეტალები ან გეგმა ამისთვის მას ჯერ არ წარმოუდგენია.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ განახორციელებს მთავრობის დოკუმენტების „კლასიფიკაციის“ რეფორმას, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება მისი ფედერალური ბრალდებების საქმეს, რომელიც ეხებოდა საიდუმლო დოკუმენტების შენახვას თანამდებობის დატოვების შემდეგ. ეს საქმე, ისევე როგორც 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის ბრალდებები, იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპის გამარჯვების შემდეგ დახურა.

ჰოკეისა და კალათბურთის დახურული დარბაზი ასევე უმასპინძლებს ინაუგურაციის შემდგომ დაგეგმილ საზეიმო აღლუმის შემცვლელ ცერემონიას, რადგან ცივი ამინდის გამო გარეთ დაგეგმილი ღონისძიებები შენობებში გადაიტანეს.

პარალელურად, ჯო ბაიდენმა თავისი ბოლო სრული დღე პრეზიდენტის რანგში კვირას სამხრეთ კაროლინაში გაატარა. ის ამერიკელებს მოუწოდებდა „შეინარჩუნონ უკეთესი მომავლის რწმენა”. სამხრეთ კაროლინის ერთ-ერთ ეკლესიაში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა გაიხსენა, თუ როგორ შთააგონა ის მარტინ ლუთერ კინგმა და რობერტ კენედიმ, რომელთაც ის თავის პოლიტიკურ გმირებად მიიჩნევს.

„ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ უკეთესი დღეები წინ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის სულის გადასარჩნად”, – განაცხადა მან და დასძინა; „ჩვენ არასდროს უნდა დავთმოთ რწმენა. უკეთესი დღე დადგება”.

დამშვიდობებამდე ბაიდენმა ასევე თქვა: „მე არსად მივდივარ,“ – რასაც ეკლესიის მრევლის მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა.

ინაუგურაციის წინა დღეს, ბაიდენმა გაავრცელა განცხადება ახლო აღმოსავლეთის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მისი ადმინისტრაციის ძალისხმევის ნაწილი იყო. „ახლა, შემდეგი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია ამ მიღწევის მხარდაჭერა და ჩვენი მეგობრების მიმართ სტაბილური მხარდაჭერის გაგრძელება,“ – აღნიშნა ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა, რომელიც ოფისს სადაცაა დატოვებს.

სრულად წაკითხვა