საშუალო ნომინალური ხელფასი 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ₾2212-დან ₾2389-მდე გაიზარდა.
ინფლაციამ რეალური ზრდის ტემპი 2%-მდე შეამცირა. რიგით მომხმარებელს 2026 წლის მეორე კვარტალში 2389 ლარად იმდენი პროდუქტისა და მომსახურების შეძენა შეეძლო, რამდენისაც 2025 წლის მეორე კვარტალში 2258 ლარად იყიდიდა. თუ რეალურ ხელზე ასაღებ ხელფასს დავითვლით, 2025 წლის მეორე კვარტალის ფასებით ის მხოლოდ 36 ლარით ₾1770-დან ₾1806-მდე გაიზარდა, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული პირებისთვის კი ₾1734-დან ₾1770-მდე.
ინფლაცია ერთგვარი დაფარული გადასახადია. ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რა ოდენობის პროდუქციისა და მომსახურების შეძენას შეძლებს თავის შემოსავლით და არა ის, თუ რა თანხაა მის ანგარიშზე ნომინალურად. ძალიან გამარტივებული მოდელის მიხედვით, თუ პიროვნების ხელფასი 100 ლარს შეადგენდა და 1 ვაშლი 1 ლარი ღირდა, მას ხელფასით 100 ვაშლი მოუვიდოდა, თუ მეორე წელს ხელფასი 150 ლარი გაუხდა, მაგრამ ვაშლის ფასი ₾1.25-მდე გაიზარდა. მას 120 ვაშლი მოუვა (150:1.25) და არა 150. შესაბამისად მისი რეალური შემოსავალი 20%-ით იქნება გაზრდილი და არა 50%-ით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მილიონერი იყო, ოღონდ კუპონებში. მილიონი კუპონი კი 5 პურის საყიდლად იყო საკმარისი.
ლარს კუპონის ბედი არ გაუზიარებია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებდა. 2013 წლიდან 2026 წლამდე სამომხმარებლო ფასები 73%-ით და 2026 წლის სექტემბრამდე 81%-ით გაიზარდა. მაღალმა ინფლაციამ ხელფასებისა და პენსიების რეალური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შეანელა.
ნომინალური და რეალური ხელფასის ზრდის დინამიკა
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური2025 წელს, 2012 წელთან შედარებით ნომინალური ხელფასი 220%-ით, ხოლო რეალური ხელფასი ინფლაციის გათვალისწინებით 84%-ით იყო გაზრდილი. 2026 წელს ინფლაცია დაჩქარდა შესაბამისად რეალურ და ნომინალურ ხელფასებს შორის სხვაობაც გაიზარდა.
საქმიანობის სახეების, რეგიონისა და სქესის მიხედვით ხელფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუ IT სფეროსა და ფინანსურ სექტორში ნომინალური ხელფასი 4000 ლარს აჭარბებს, განათლებაში 1500 ლარზე ნაკლებია.
ხელფასები საქმიანობის სახეების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რეგიონების მიხედვით ხელფასები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 2759 ლარით თბილისი უპირობო პირველ ადგილზეა, რომელიც ქვეყნის საშუალოს 15%-ით, გურიის მაჩვენებელს 71%-ით, კახეთის მაჩვენებელს 83%-ით და რაჭა-ლეჩხუმში არსებულ ხელფასებს 123%-ით აღემატება.
ხელფასი რეგიონების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 48%-ით აღემატება. საქსტატის ცნობით განსხვავება ყველა სექტორში შეინიშნებოდა.
სამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 2026 წლის მეორე კვარტალში 2472 და არასამეწარმეო სფეროში 2239 ლარი შეადგინა.
საშუალო ხელფასის დასახელებისას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. საშუალო დაქირავებით დასაქმებულთა ყველა პირის საშუალო შეწონილ ხელფასს აღნიშნავს. განვიხილოთ ათკაციანი ჯგუფი – თუ ორ ადამიანს 7000-7000 ლარი აქვს ხელფასი, და დანარჩენი რვა ადამიანიდან თითოეულს 1000-1000 ლარი, მაშინ მათი საშუალო ხელფასი 2200 ლარი იქნება (2*7000+8*1000/10=2200).
საქსტატი წელიწადში ერთხელ, კერძოდ ოქტომბრის პირველ ნახევარში, მედიანურ ხელფასს აქვეყნებს, რომელიც უფრო ზუსტ მაჩვენებლად მიიჩნევა. 2024 წელს მედიანური ხელფასი 1332 ლარს შეადგენდა, რაც იმ წლის საშუალო ხელფასზე 1971 ლარზე 32%-ით ნაკლებია. მედიანური ხელფასის გაანგარიშებისას კიდურა წევრებია უგულებელყოფილი.
იმის გამოსავლენად, თუ რა არის ხელფასი, რომელსაც ადამიანთა ყველაზე დიდი ჯგუფი იღებს, მოდალური ხელფასის გაანგარიშებაა საჭირო, რომელსაც საქსტატი არ აქვეყნებს, თუმცა მისმა ხელძღვანელმა გოგიტა თოდრიძემ 2025 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ უწყება მსგავს შესაძლებლობას განიხილავს.
კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი დასაბეგრი და ხელზე ასაღები ხელფასია. საქსტატის ყველა მონაცემი დასაბეგრ ხელფასს ასახავს, რასაც დასაქმებულთა დიდი ნაწილისთვის სავალდებულო საპენსიო შენატანი 2% და დასაქმებულთა უდიდესი ნაწილისთვის საშემოსავლო 20% აკლდება. სწორედ ამის შემდეგ, საშუალო დასაბეგრი 2389 ლარი, ხელზე ასაღებ 1911 ან 1873 ლარამდე მცირდება.
netgazeti