გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩასული „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, რომელიც შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტი იგნასიო კასისია. ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის პრესსამსახური.
„შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე ვისაუბრეთ ეუთოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში ჩვენი ქვეყნის აქტიურ მონაწილეობაზე“, - დაწერა X-ში კობახიძემ შეხვედრის შემდეგ.
კასისი ამ შეხვედრას სოციალურ ქსელში ჯერ არ გამოხმაურებია [თბილისის დროით 21:30 სთ].
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იგნასიო კასისის საქართველოს ოქტომბერში უნდა ეწვიოს.
ამ თანამდებობას კასისამდე იკავებდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი. ის საქართველოს 2025 წლის ოქტომბერში სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის დედაქალაქის ცენტრში, რუსთველის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც შეხვდა 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეებს.
ამის გამო საგარეო უწყებამ ეუთოში შემავალ ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრიმ კი „გზის გადაკეტვის“ საბაბით 5000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი შეუდგინა.
მაშინ ათმა სახელმწიფომ მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს იმდროინდელ თავმჯდომარეს.
„ჩვენ ვაფასებთ მის ჩართულობას საქართველოში სხვადასხვა მხარესთან და მის მხარდაჭერას ეუთოს ვალდებულებებისადმი, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების მიმართულებით“, - ეწერა განცხადებაში.
radiotavisupleba ახალი ამბები