11 აპრილს შეხვედრა „ანტალიის დიპლომატიის ფორუმის“ ფარგლებში შედგა.
ირაკლი კობახიძის ფეისბუკის გვერდის ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი „ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას“.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - წერს ირაკლი კობახიძე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.
ილჰამ ალიევის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, წერს, რომ შეხვედრაზე შეეხნენ „მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის და მის ისტორიულ ბუნებას“.
ალიევის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ბაქოში, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის ფორუმზე გამოთქმულმა შეხედულებებმა საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით „ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოში“.
„ევროკავშირი საქართველოს კოლონიალისტივით ექცევა“, „შიდა საქმეებში ერევა“, „ხალხის ნებას უგულებელყოფს“ - ეს განცხადებები გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ათეულობით უცხოელი ექსპერტის წინაშე ბაქოში ორიოდე დღის წინ.
ილჰამ ალიევმა „სრულიად მიუღებელი“ უწოდა ევროკომისიის მიდგომას საქართველოს „შიდა პროცესების მიმართ“:
„ისინი ცდილობენ, რომ ქართველი ხალხის ნებას კოლონიალისტური წარსულის პრიზმიდან უყურონ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენ მათთან ვართ, საქართველოს მთავრობამ იცის. საქართველოს შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა მოაგვაროს და არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანში გამართავს პირველ საგარეო ვიზიტს „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი. ვიზიტი 15-16 აპრილს გაიმართება.
დღეს, 11 აპრილს, ყაველაშვილმა სტუმრად მიიღო აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში, ფაიგ გულიევი.