ირაკლი კობახიძის ელინა ვალტონენთან შეხვედრა არა მასპინძლის, არამედ სტუმრის ინიციატივით გაუქმდა - ფინური გამოცემა Helsingin Sanomat

2 hours ago 2

ფინური გამოცემის Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა და ამის შესახებ სამშაბათს, 14 ოქტომბერს ღამით აცნობა კიდეც მასპინძელ მხარეს.

სტატიას ირაკლი კობახიძის ფოტო აქვს დართული, რომლის ქვეშ წერია - "საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე წარმოადგენს პრორუსულ "ქართული ოცნების" პარტიას".

15 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა:

გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“.

Helsingin Sanomat-ს ელინა ვალტონენმა სატელეფონო კომენტარში განუმარტა, რომ მისი „შეხვედრა პრემიერმინისტრ კობახიძესთან გაუქმდა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით, განრიგში ცვლილების გამო და ქართველებს ამის შესახებ წინა ღამით ეცნობა“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა "ქართული ოცნების" მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და ჰკითხა შეუძლიათ თუ არა ფინური გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა, რაზეც პასუხი იყო: "რაც გავაგრცელეთ, ეგ არის".

ფინური გამოცემა აგრეთვე იუწყება, რომ ვალტონენი უარყოფს საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ თითქოს მან რამე კამპანიაში მიიღო მონაწილეობა ან ყალბი ინფორმაცია გაავრცელა:

„საგანგებოც წავედი პროტესტის სანახავად, რომელიც საქართველოში კვირები და თვეებია გრძელდება. მსურდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლებისთვის“.

შეკითხვაზე - რას ფიქრობს ის საქართველოს მთავრობის რეაქციაზე, ვალტონენმა გამოცემას უპასუხა:

„საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა რეაქცია ექნებათ. სამწუხაროდ, იმისათვის, რომ აზერბაიჯანში ჩავსულიყავი, თავად გავხდი იძულებული რეაგირება მომეხდინა და გამეუქმებინა პრემიერმინისტრთან შეხვედრა“.

სამშაბათს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მივიდა, მოგვიანებით კი X-ზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა:

„მე თბილისში ვარ, პარლამენტის შენობის წინ. აქ იკრიბება მშვიდობიანი დემონსტრაცია. ნელ-ნელა უამრავი ხალხი მოდის. აფრიალებენ ევროკავშირის, ნატოს და როგორც ჩანს, ფინეთის დროშებსაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოს დროშას. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია გეზით, რომელსაც ეს ქვეყანა იღებს ხალხისთვის ძირითადი თავისუფლებების წართმევით, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებით და შეკრების თავისუფლებით. იმის თქმაც კი ზედმეტია, რომ ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ მათ მხარდასაჭერად“.

Helsingin Sanomat-ის თანახმად, ვალტონენმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა იმისთვის, რომ შეხვედროდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს. ის მათ ამ სამხრეთკავკასიური ტურნეს დროს უფრო ადრე უნდა შეხვედროდა, თუმცა ბაქოში ჩასვლის დრო შეიცვალა იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების დელეგაცია ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მშვიდობის სამიტს“ მართავდა.

სრულად წაკითხვა