ირანი და აშშ რომში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ ბირთვული შეთანხმების მისაღწევად

2 days ago 5

19 აპრილს, რომში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ომანის შუამავლობით, მეორე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება ბირთვული იარაღის საკითხზე.

მოლაპარაკებების მიზანია გადაწყვიტონ თეირანის ატომური მიზნების გამო ათწლეულის განმავლობაში არსებული დაპირისპირება, რასაც თან სდევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა, რომ თუ საკითხი დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდება, აშშ სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს.

ირანის საკითხზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 18 აპრილს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ტრამპის სიტყვებით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ირანის ინტერესებშია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ საფრთხეში აღმოჩნდება.

თეირანი აცხადებს, რომ მზად არის დათმობებისთვის, თუმცა ურანის გამდიდრებაზე სრულად უარის თქმას არ აპირებენ, როგორც ამას ვაშინგტონი მოითხოვს.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვამდე ერთი დღით ადრე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, ხელი შეუწყოს ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმებას, იმ პირობით, რომ გათვალისწინებული იქნება ირანის კანონიერი ინტერესები.

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მასკატში 12 აპრილს გაიმართა.

აშშ ირანისგან წლებია მოითხოვს ბირთვული პროგრამის შეწყვეტას.

2025 წლის მარტის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის გაუგზავნა წერილი მოლაპარაკებების დაწყების წინადადებით.

8 მარტს აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ არ აპირებენ მოლაპარაკებას „აგრესიულ მთავრობებთან“ და, რომ პრობლემა მხოლოდ ბირთვული პროგრამა არ არის, რადგან „მათ აქვთ მოლოდინი ირანის თავდაცვისა და სარაკეტო პროგრამებსა და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით".

მარტში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შეერთებული შტატები ირანს დაბომბავს.

სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანმა უარყო შეერთებულ შტატებთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა, მაგრამ სურს ომანის შუამავლობით გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკება. თეირანში ისიც განაცხადეს, რომ მოლაპარაკება ვერ გაგრძელდება, თუ აშშ ირანის საწინააღმდეგო სანქციებს არ შეარბილებს.

ირანის ბირთვულ პროგრამაზე თეირანისა და ვაშინგტონის პირდაპირი მოლაპარაკებები 2015 წლის შემდეგ აღარ გამართულა.

სრულად წაკითხვა