DSX-ის მიერ 24 ივნისს გავრცელებული ცნობის თანახმად, მიმდინარე კვირაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საერთო ჯამში, ქვეყანაში 41 კგ-ზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შემოტანა აირიდეს თავიდან.
სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ერთ-ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარედ 6.5 კგ-მდე მარიხუანა აღმოაჩინეს, ხოლო ლანკარანის სასაზღვრო პუნქტის რაზმის ტერიტორიაზე - 25 კგ-მდე მარიხუანა.
ნარკოტიკებით დატვირთული დრონი
ამასთან, DSX-ის თანახმად, „ჰორადიზის“ სასაზღვრო რაზმის სამოქმედო ზონაში სამართალდამცავებმა გაანეიტრალეს უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი), რომლის გამოყენებითაც, უწყების მტკიცებით, ამ დროისთვის დაუდგენელი პირები ნარკოტიკების აზერბაიჯანში გადატანას ცდილობდნენ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს 10.6 კგ ნარკოტიკული ნივთიერება, მათ შორის 10.55 კგ მარიხუანა და 50 გრამი ოპიუმი.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ცნობით, ფაქტებზე ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური, - რომელიც პრაღიდან მუშაობს, - წერს, რომ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე ირანის პასუხისმგებელი ინსტიტუტებისგან კომენტარის მიღება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ნარკოტიკების კონტრაბანდის უდიდესი წილი ირანიდანაა
ოფიციალური ბაქო პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას ირანიდან აზერბაიჯანში ნარკოტიკების ტრანზიტის აღკვეთის შესახებ.
მაგალითად, 2026 წლის მაისში აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ირანის სამმა მოქალაქემ ქვეყანაში 373 კგ ნარკოტიკი უკანონოდ შემოიტანა.
კიდევ უფრო ადრე, 2022 წელს, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიამ განაცხადა, რომ უცხოეთიდან უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკების 95 პროცენტზე მეტი ქვეყანაში ირანის გავლით შემოდიოდა.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·