WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ტურისტულ კომპანია Georgia Holiday-ში, რომელიც ძირითადად ირანის ბაზარზეა ორიენტირებული, ადასტურებენ, რომ ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ბოლო რეისებს 20 სექტემბერს შეასრულებენ.

რადიო თავისუფლებამ ფრენების შეწყვეტის თარიღის დასაზუსტებლად ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

15 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილია სანქცირებული Varesh Airlines-ის, თბილისში კი Fly Kish-ისა და Varesh Airlines-ის რეისები.

თბილისის აეროპორტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 15 სექტემბერს გაუქმდა რეისი ისპაჰანიდან თბილისში, თუმცა აეროპორტის განმარტებით, ეს გაუქმება გეგმური იყო.

ავიაკომპანია Fly Sepehran-ის საიტზე თეირანი-თბილისის მიმართულებით ფრენები 19 სექტემბრის შემდეგ აღარ იძებნება.

თეირანის აეროპორტის მონაცემებით, ირანიდან ფრენები გრძელდება ომანის, თურქეთის, სომხეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ერაყის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, ჩინეთისა და ტაილანდის მიმართულებით. ამ ეტაპზე არცერთ ამ ქვეყანას არ გაუკეთებია განცხადება ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეჩერების შესახებ.

ამერიკული სანქციები

2026 წლის 8 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერის გამო 36 კომპანიასა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეისებს ასრულებენ.

10 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ქართული მხარე „საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“ იმოქმედებს და ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სასანქციო მექანიზმებს.

ამ განცხადების შემდეგ საქართველოში ირანის საელჩომ გამოაქვეყნა შავი ზღვის რეგიონის რუკა, რომელზეც საქართველოს მხოლოდ დასავლეთი ნაწილი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთი ჩანს, და განაცხადა:

„[ეს] არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა ირანელები იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ... და შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს“.

ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ 13 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ „დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში ერთი ... სავაჭრო მარშრუტის გამორიცხვა ყოველთვის არ ნიშნავს ახალი შესაძლებლობის შექმნას“.

მან კომენტარში ასევე დაწერა, რომ საქართველომ ეს ნაბიჯი (ირანული კომპანიების შეზღუდვა) „ამერიკის დიდებისთვის“ გადადგა.

14 სექტემბერს ელჩმა დაამატა, რომ თბილისის გადაწყვეტილებას, „ეკონომიკურ შედეგებთან ერთად, ადამიანური და სოციალური შედეგებიც აქვს“. მან წერილობით მიმოიხილა „ფერეიდნელების მიერ ენისა და იდენტობის შენარჩუნების საკითხი 400 წლის განმავლობაში“ და სანქციებთან საქართველოს შეერთების რისკებს შორის დაასახელა „საქართველოს საზოგადოებასა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის სოციალური და ადამიანური კავშირების გაწყვეტა“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ირანის ელჩის განცხადებების პასუხად თქვა, რომ თბილისის პოლიტიკას „ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს“.

„ზოგადად, ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია. თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ“, - თავდაპირველად ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას 14 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში.

„თქვენ იცით, როგორია ჩვენი მიდგომა: თუ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, ჩვენ ასეთი სანქციების რეჟიმს ყოველთვის ვუერთდებით ხოლმე. ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, შემდეგ კი დასძინა:

„ეს არის ჩვენი ზოგადი პოლიტიკა, რასაც ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. დანარჩენი, თუ რაიმე სასაუბრო გვექნება ამა თუ იმ დიპლომატთან, ორმხრივ რეჟიმში მათთან ვისაუბრებთ“, - გაიმეორა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა ირანთან

საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ურთიერთობები არაერთხელ მოქცეულა ყურადღების ცენტრში.

მაგალითად, 2013 წელს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal აღწერდა, როგორ გაიზარდა ირანული ბიზნესი საქართველოში იმ პერიოდში, როდესაც ირანი დასავლური სანქციების ქვეშ იყო.

საქართველოში მოქმედ ათასობით ირანულ კომპანიაზე ახლახან წერდა რადიო თავისუფლებაც.

2026 წლის 7 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა საქართველოში დაფუძნებულ კრიპტოკომპანია „შელბითს“ (Shelbit) და მის მფლობელს, სიავაშ კაივანპურს. OFAC-ის ცნობით, კომპანია ჩართული იყო ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტის ტრანზაქციებსა და სანქციების გვერდის ავლისთვის შექმნილ ფინანსურ სქემებში, მათ შორის ფულის გათეთრებაში.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოდან ირანში ექსპორტი განსაკუთრებით გაიზარდა, ძირითადად ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე.

2024 წელს საქართველოდან ირანში ჯამური ექსპორტი 36.7 მლნ დოლარს შეადგენდა, 2025 წელს 38.8 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის იანვარ-ივლისში 144 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ირანიდან იმპორტი 2024 წელს 285 მლნ დოლარს შეადგენდა, 2025 წელს 251.8 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის შვიდ თვეში 145.4 მლნ დოლარი.

ვიზიტორები ირანიდან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს ირანიდან 29 397 ვიზიტორი ეწვია, რაც 48.7%-ით ნაკლებია 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

კლება გამოწვეული იყო აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომით, რომლის დროსაც რეგიონიდან, მათ შორის ირანიდან, ფრენები შეწყვეტილი იყო.

2022 წელს საქართველოში ირანის მოქალაქეების 102 877 ვიზიტი დაფიქსირდა, 2023 წელს 126 282, 2024 წელს 145 670, ხოლო 2025 წელს 120 068.

სტატისტიკაში დაკონკრეტებული არ არის, რამდენი ირანელი ეწვია საქართველოს საჰაერო გზით და რამდენი სახმელეთო გზით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ირანის მოქალაქეებმა 2024 წელს საქართველოში 151.1 მლნ დოლარი დახარჯეს, 2025 წელს 124.2 მლნ დოლარი, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 19.9 მლნ დოლარი.

სებ-ის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები ხარჯავენ - მათ მოსდევენ რუსეთის, თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეები.

ტურიზმის დარგის წარმომადგენელთა ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეჩერება ვიზიტორთა ნაკადს მკვეთრად შეამცირებს, თუმცა გავლენა არ იქნება „ისეთი მასშტაბური და დიდი, როგორიც (ირანში) ომის დაწყებისას (ახლო აღმოსავლეთის) ჰაბის მთლიანად ჩაკეტვამ გამოიწვია“.